„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხილის ექსპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე საექსპორტო მიმართულებით არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, ექსპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა მათთან ერთად ვიმუშაოთ უფრო ეფექტიანი გზების მოძიებაზე”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ექსპორტიორებთან ერთად, სამინისტროს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
სამუშაო ჯგუფის ფორმატში დეტალურად განიხილავენ იდენტიფიცირებულ საკითხებს, განსაზღვრავენ მათი გადაჭრის გზებს.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი, ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი, სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.