„ცელიაკიის სკრინინგი ბავშვებში“ – პროგრამა გრძელდება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა – „ცელიაკიის სკრინინგი ბავშვებში“ გრძელდება. პროგრამა აჭარაში რეგისტრირებულ, რისკჯგუფს მიკუთვნებულ 2-დან 18 წლამდე ბავშვებში დაავადების ადრეულ გამოვლენას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, სერვისი საპილოტე რეჟიმში გასულ წელს ამოქმედდა, მიღებული შედეგების საფუძველზე მიმდინარე წელს გაფართოვდა და გაიზარდა მოსარგებლეთა რაოდენობა. კვლევა რეკომენდებულია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ცელიაკიის განვითარების ერთ-ერთი ან რამდენიმე რისკფაქტორი, მათ შორის: უკვე დადასტურებული ცელიაკიის დიაგნოზის მქონე პაციენტების პირველი რიგის ნათესავები, დიაბეტი ტიპი I, ენდოკრინოლოგიური დარღვევები, დაგვიანებული პუბერტატი (სქესობრივი მომწიფება), დერმატოლოგიური გართულებები, მორეციდივე/რეზისტენტული რკინადეფიციტური ანემია, უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული ან მორეციდივე დიარეა, სხვადასხვა ქრონიკული აუტოიმუნური მდგომარეობები, საჭმლის მომნელებელი სისტემის სპეციფიკური ქრონიკული ჩივილების შემთხვევები, დაუნის ან ტერნერის სინდრომი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
ინოვაციური მედიცინის ცენტრში პროგრამის მიმდინარეობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე კობა ნაკაიძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი გაეცნენ. სერვისის შემსრულებელია ,,მოლეკულური მედიცინის კვლევითი ცენტრი პრაიმაქსი“.
პროგრამის მიზანია დაავადების ადრეული გამოვლენა, დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების განვითარების რისკს და აუმჯობესებს ბავშვების ცხოვრების ხარისხს.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს, თუ მათ შვილებს პროგრამით განსაზღვრული რისკფაქტორებიდან რომელიმე აღენიშნებათ, დროულად მიმართონ ოჯახის ექიმს ან შესაბამის სპეციალისტს, რათა ბავშვმა საჭირო კვლევები უფასოდ ჩაიტაროს და დაავადების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.