ციფრული სივრცის სწორად მოხმარება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობასთან
თანამედროვე ადამიანი ციფრული სივრცის აქტიური მომხმარებელია, საათობით ჩართულია ვირტუალურ სივრცეში, ეკონტაქტება ან უსმენს ადამიანებს და რეალურ ცხოვრებას სცილდება, სოცქსელებზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება, განსაკუთრებით – მოზარდები. ისინი მიჯაჭვულნი არიან გაჯეტებსა და მობილურებს, უვითარდებათ ემოციური გულგრილობა, აგრესია, ზიზღი, სიძულვილი…
გარდა ამისა, ტექნოლოგიის გონივრული მოხმარება, შესწავლა და შესაბამისად გადაწყვეტა, უპირველესად, ადამიანის ცნობიერების ფსიქოლოგიური ასპექტების სწორად წარმართვას გულისხმობს, რაც ფსიქოთერაპევტთა პრეროგატივაა. მათი რეკომენდაციები და რჩევები კარგ სამსახურს გაუწევს ციფრული სივრცის მომხმარებელს. სწორედ ამ მიზნით სასაუბროდ მოვიწვიეთ „ბაუს“ საერთაშორისო ჰოსპიტალრეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოთერაპევტი, სუპერვაიზერი, ფსიქოთერაპიისა და მეტყველების თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი ცირა ფუტკარაძე.
– დღეს დიდი თუ პატარა სოცქსელსაა მიჯაჭვული და დამოკიდებული ხდება მასზე… ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამ პროცესს როგორ შეაფასებთ?
– სოციალური ქსელები ძალიან ბევრი ადამიანისათვის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ადამიანი საათობით თუა ჩართული ვირტუალურ სივრცეში და ვერ ახერხებს დროის გაკონტროლებას, რეალური ურთიერთობები ნაკლებად აინტერესებს, აქ უკვე შეიძლება ვისაუბროთ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სოციალური ქსელები მოქმედებს ადამიანის ემოციურ სისტემაზე. მუდმივი შეტყობინებები, მოწონებები, კომენტარები ააქტიურებს სიამოვნების და მოლოდინების მექანიზმებს.
განსაკუთრებით მოწყვლადები ამ კუთხით ბავშვები და მოზარდები არიან, რადგან მათი ფსიქიკა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და ვირტუალური აღიარება ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ამიტომ საჭიროა ბალანსი. ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის აუცილებელია ცოცხალი ურთიერთობები, დასვენება, ემოციების რეალურ სივრცეში გაზიარება და ეკრანისაგან პერიოდული დისტანცირება.
– სოცქსელების მომხმარებლები კომენტარებსა და პოსტებში ხშირად აგრესიას და ზიზღს ავლენენ, ადამიანს დაუსაბუთებლად შეურაცხყოფენ… თქვენი აზრით, რატომ იქცევიან ასე?
– სოციალურ ქსელებში აგრესიის და სიძულვილის გამოხატვა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ვირტუალური სივრცე ადამიანს ანონიმურობის განცდას აძლევს. ნაკლებად გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი სიტყვებისა და ქცევის დროს. ასევე, მნიშვნელოვანია შინაგანი დაძაბულობა და დაუკმაყოფილებელი ემოციები, „ბრბოს ეფექტი“ – როდესაც ადამიანი ხედავს, რომ სხვებიც აგრესიულად იქცევიან, თავადაც უფრო მარტივად ერთვება ამ პროცესში. ნეგატიური ფონი ხშირად გადამდები ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ აგრესია ყოველთვის არ ნიშნავს ძალას. ხშირად ის შინაგანი სისუსტის, ტკივილის ან ემოციური მოუმწიფებლობის გამოვლინებაა. ამიტომ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემპათიის, ურთიერთპატივისცემის და ფსიქოლოგიური კულტურის გამოვლინება.
– ძალიან ხშირად, თვით ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონებიც კი ბილწსიტყვაობენ ფეისბუქის პოსტებზე, იგინებიან… ეს რაზე მიანიშნებს?
– ეს ძალიან საინტერესო და ამავე დროს მტკივნეული თემაა, რადგანაც სოციალური ქსელები დღეს ადამიანის შინაგანი სამყაროს ერთგვარ სარკედ იქცა. პოპულარული ადამიანების მხრიდან აგრესია, ბილწსიტყვაობა და შეურაცხმყოფელი კომენტარები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ფაქტორზე მიანიშნებს – ესაა ემოციური თვითრეგულაციის სირთულე, როდესაც ადამიანი ვერ აკონტროლებს ბრაზს, იმედგაცრუებას ან შფოთვას და ამას საჯარო სივრცეში გამოხატავს. ზოგჯერ აგრესიული ქცევა შინაგანი დაუცველობის, დაბალი თვითშეფასების ან მუდმივი აღიარების მოთხოვნილების კომპენსირების მცდელობაა. აგრესია ხშირად შინაგან სისუსტეს ფარავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოპულარობა ყოველთვის არ ნიშნავს ფსიქოლოგიურ სიმწიფეს. ადამიანი შეიძლება წარმატებული იყოს პროფესიულად, მაგრამ უჭირდეს ემოციებთან გამკლავება და ჯანსაღი კომუნიკაცია.
– ბევრი მომხმარებელი ჭკუას სხვას ასწავლის, მენტორის როლს ირგებს, სხვის თვალში ბეწვს ხედავს, სხვებს ამუნათებს, სხვის უნიჭობას უსვამს ხაზს, ეს მაშინ, როცა თავად ასჯერ უარესია… ეს შინაგანად ცარიელ, შეუმდგარ ადამიანს ახასიათებს?
– ფსიქოლოგიურად, ასეთი ქცევა ზოგჯერ კომპენსაციის მექანიზმია -ადამიანი საკუთარ დაუკმაყოფილებლობას, არასრულფასოვნების განცდას ან შინაგან დაუცველობას სხვების დაკნინებით ფარავს. უფრო მარტივია სხვისი ნაკლის დანახვა, ვიდრე საკუთარის აღიარება. ყველა კრიტიკული ადამიანი, ავტომატურად, შეუმდგარი არ არის. არსებობს კონსტრუქციული კრიტიკაც, რომელიც განვითარებას ემსახურება. პრობლემა მაშინ იწყება, როცა ურთიერთობა დამცირებაზე, უპირატესობის დემონსტრირებასა და აგრესიაზე დგას. ღირსეული ადამიანი იშვიათად ცდილობს სხვისი დამცირებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას.
– სოცქსელების მომხმარებლების უმეტესობა ციფრული შიგთავსის შემქმნელია. ამან უკეთ გამოავლინა რეალობა – როცა პოსტს ათასობით ადამიანი ნახულობს და მხოლოდ მცირედი იწონებს, თითქოს მიყურადებულები და კონტროლიორები არიან… რა განაპირობებს ასეთ ქცევას?
– რამდენიმე ფსიქოლოგიური ფაქტორი განაპირობებს: ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში უფრო დამკვირვებლის როლშია. აკვირდებიან სხვის ცხოვრებას, აზრებსა და ემოციებს, მაგრამ საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვა არ სურთ. ამას ზოგჯერ შეფასების შიშიც ახლავს – რას იფიქრებენ ჩემზე თუ მოვიწონებ ან დავაკომენტარებ? არსებობს სოციალური შედარების ფაქტორიც. როდესაც ადამიანი მუდმივად ადარებს საკუთარ თავს სხვებს, შესაძლოა სხვისი წარმატების, აქტიურობის ან პოპულარობის გამო შინაგან დისკომფორტს გრძნობდეს და ამიტომ თავს იკავებდეს მხარდაჭერისგან. ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ ციფრული მაყურებლები ხდებიან. ინფორმაციას მოიხმარენ, მაგრამ ემოციურ ჩართულობას აღარ გამოხატავენ. მუდმივმა ინფორმაციულმა ნაკადმა გარკვეული ემოციური გადაღლაც გამოიწვია. ციფრულ ეპოქაში ცნობისმოყვარეობა გაიზარდა, ხოლო გულწრფელი ემოციური ჩართულობა – შემცირდა.
– პირადი სივრცის დაცვა, როგორც საუკეთესო ფსიქოლოგიური ფარი…
– პირადი სივრცე მხოლოდ ფიზიკურ დისტანციას არ ნიშნავს. ეს არის ადამიანის უფლება, თავად განსაზღვროს ვის, რამდენად და რა ფორმით გაუზიაროს ემოციები, გეგმები, ურთიერთობები თუ შინაგანი განცდები. თუ ადამიანს მკაფიო პირადი საზღვრები აქვს, ის ნაკლებად ექცევა ემოციური მანიპულაციის, გადაღლისა და ტოქსიკური ურთიერთობების გავლენის ქვეშ. პირადი სივრცის დაცვა ეხმარება მას შინაგანი სიმშვიდის, თვითპატივისცემისა და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში.
– მოზარდებზე რა გავლენას ახდენს სოცქსელები, რამდენად ცვლის მათ პიროვნულ მახასიათებლებს, ხასიათს… საერთოდ, მობილურებისა და გაჯეტების ზეაქტიური მოხმარება რა ცვლილებებს იწვევს მოზარდის ფსიქიკაში?
– სოციალური ქსელები და მობილურების გადაჭარბებული გამოყენება მოზარდებზე განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს. იზრდება დამოკიდებულების რისკი. მოზარდის ტვინი სწრაფად ეჩვევა მუდმივ სტიმულაციას – შეტყობინებებს, ვიდეოებს, მოწონებებს, ეს კი ამცირებს ყურადღების კონცენტრაციისა და მოთმინების უნარს.
ხშირად ჩნდება თვითშეფასების პრობლემებიც. მოზარდები საკუთარ თავს მუდმივად ადარებენ სხვებს – გარეგნობით, ცხოვრების წესით, პოპულარობის კუთხით. ზედმეტი ონლაინ ცხოვრება ამცირებს რეალურ სოციალურ უნარებს. მოზარდს შეიძლება გაუჭირდეს ცოცხალი კომუნიკაცია, ემოციების გამოხატვა და რეალური ურთიერთობების დამყარება. იზრდება ემოციური გადაღლა და გაღიზიანებაც. ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი, მუდმივად ონლაინ ყოფნა ნერვულ სისტემას გადატვირთავს. ხშირია ძილის დარღვევა, ემოციური არასტაბილურობა და დეპრესიული ფონის გაძლიერება. თუ ადრე ბავშვებს ეზო ზრდიდა, დღეს მათ ფსიქიკაზე დიდ გავლენას ახდენს ეკრანი. ამიტომ მოზარდს სჭირდება არა მხოლოდ ინტერნეტი, არამედ ემოციურად ხელმისაწვდომი ოჯახი.
– პირადი სივრცის, ამ შემთხვევაში ციფრულის, გონივრულად მოხმარება რამდენად მნიშვნელოვანია მყარი ფსიქიკური განწყობისთვის და ამ კუთხით როგორ დააკვალიანებდით მომხმარებელს?
– პირადი, განსაკუთრებით კი ციფრული, სივრცის სწორად მოხმარება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობასთან. როდესაც ადამიანი მუდმივად ინფორმაციის ნაკადშია, არა აქვს დასვენების, სიჩუმის და საკუთარ თავთან დარჩენის დრო, ნერვული სისტემა გადატვირთვის რეჟიმში გადადის. ეს შეიძლება გამოვლინდეს გაღიზიანებით, შფოთვით, ემოციური გამოფიტვით, კონცენტრაციის დაქვეითებით და შინაგანი დაძაბულობით. მომხმარებლებს მივცემდი რამდენიმე რეკომენდაციას: პერიოდულად მოაწყონ ციფრული პაუზები – დღის გარკვეული მონაკვეთი ეკრანის გარეშე გაატარონ; აკონტროლონ რა ტიპის ინფორმაციას იღებენ ყოველდღიურად და შეამცირონ ტოქსიკური, აგრესიული თუ გადამღლელი კონტენტის მოხმარება; ძილის წინ მინიმუმ, ერთი საათით ადრე შეზღუდონ მობილურის გამოყენება; მეტი დრო დაუთმონ რეალურ ურთიერთობებს, ბუნებას, ფიზიკურ აქტივობას და საკუთარ ემოციებს, ისწავლონ, რომ მუდმივად ონლაინ ყოფნა აუცილებლობა არ არის. ციფრული სამყარო შეიძლება იყოს როგორც სასარგებლო რესურსი, ისე გადაღლის წყარო. მთავარი ისაა, ვინ მართავს ადამიანი ტექნოლოგიას თუ ტექნოლოგია ადამიანს.
– რეალიზებული და შინაგანად მშვიდი ადამიანი – ამ სასურველი თვისებების გასავითარებლად რას მიიჩნევთ ამ ეტაპზე უპირველეს საზრუნავად?
– არ არსებობს ადამიანი, ცხოვრებაში პრობლემები არ ჰქონდეს. შინაგანად მშვიდი შეიძლება ვუწოდოთ მას, ვინც ისწავლა საკუთარი თავის მოსმენა, ემოციებთან გამკლავება და ცხოვრებისეულ ცვლილებებთან ადაპტაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია საკუთარი თავის ცნობიერად შეცნობა – ადამიანის უნარი, გაიგოს, რას გრძნობს, რა სჭირდება, რა ტკივა და რა ანიჭებს ნამდვილ კმაყოფილებას. ხშირად ადამიანები აღწევენ გარეგნულ წარმატებას, მაგრამ განიცდიან შინაგან სიცარიელეს. ამიტომ აუცილებელია ბალანსი საქმიანობას, პირად ურთიერთობებს, დასვენებასა და საკუთარ თავთან კავშირს შორის. შინაგან სიმშვიდეს ხელს უწყობს პირადი საზღვრების დაცვა, ტოქსიკური გარემოსგან დისტანცირება, რეალური ურთიერთობები, მადლიერების განცდა და იმის მიღება, რომ სრულყოფილი ცხოვრება არ არსებობს. დაბოლოს, რეალიზებული ადამიანი საკუთარ ცხოვრებას სხვისი მოლოდინებით არ ქმნის, უფრო იმ ღირებულებებს ეყრდნობა, რომელთა მატარებელიც თვითონ არის. შინაგანი სიმშვიდე იწყება მაშინ, როცა ადამიანი საკუთარ თავთან ბრძოლას ამჯობინებს საკუთარი თავის თანაგრძნობას და ყოველი პრობლემის გამოვლინებისას ახერხებს რაციონალური გამოსავლის პოვნას.
ლაშა ხომერიკი