ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობის ეფექტიანობისა და გამოჯანმრთელების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის
By

ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობის ეფექტიანობისა და გამოჯანმრთელების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი, ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან ერთად, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო.

რუსუდან შავიშვილი სკრინინგით მოსარგებლე ქალებსაც შეხვდა და მათთან დაავადების ადრეული გამოვლენისა და რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობის ეფექტიანობისა და გამოჯანმრთელების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების დაახლოებით 30% ძუძუს კიბოზე მოდის, ამასთან, დაავადების მნიშვნელოვანი ნაწილი გვიან, III და IV სტადიებზე ვლინდება. სწორედ ამიტომ, კამპანიის მთავარი მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პრევენციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და დაავადების ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა.

კამპანია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგი მოიცავს მამოგრაფიულ გამოკვლევას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომია დამატებითი კვლევებიც.

ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში, სკრინინგით სარგებლობა შეუძლიათ ქალაქ ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს: 30-დან 40 წლამდე და 70 წელს გადაცილებულ; 25-დან 30 წლამდე ქალებს – სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია; საჭიროების შემთხვევაში – ონკომარკერების კვლევა.

უფასო სკრინინგი მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია:

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში (BAU) ბაგრატიონის ქ. N143,

0422 21 33 33  და ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ბაგრატიონის ქ. N125 (+995) 577 65 27 66.

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *