წარმატება მამის ხსოვნას მიუძღვნა
შუახევის რაიონის სოფელ ტბეთის მკვიდრ ცეზარ ლემსაძეს საზოგადოება სპორტის ცალკეული სახეობების მიმდევრად იცნობდა. მისი სურვილი იყო, ვაჟი, ლევანი, სპორტით დაკავებულიყო. ასეც მოხდა – 2022 წლიდან მოყოლებული, იგი მწვრთნელების მიხეილ მელუასა და გულად თხილაიშვილის ხელდასმით „კარატე-გოჯიურში“ ვარჯიშობს. ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. 16 წლის აჭარელი ჭაბუკი 65 კგ წონით კატეგორიაში თბილისელ თანატოლს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით დაამარცხა. მას ოქროს მედალი და საპატიო სიგელი საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
ლევან ლემსაძე ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. მას სკოლის დირექტორის მოადგილის ნუგზარ ზოსიძის ინიციატივით, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეხვედრა მოუწყვეს და წარმატება მიულოცეს.
– ეს წარმატება მამის ნათელ ხსოვნას მივუძღვენი,- გვითხრა ლევანმა.
თამაზ მგზავრიძე