წინ გრანდიოზული კონკურსი „გრანდ მოდერნ სთარი“ გველის
By

წინ გრანდიოზული კონკურსი „გრანდ მოდერნ სთარი“ გველის

ბათუმში ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული კონკურსი „გრანდ მოდერნ სთარი“ იწყება. 17 ივნისს ბათუმის საზაფხულო თეატრში „გრანდ მოდერნ სთარის“ რიგით 22-ე სილამაზის, არტისტულობის, ტალანტების, რაინდულობისა და სამოდელო-სატელევიზიო კონკურსი გაიმართება.
5-დან 25 წლამდე გოგონები და 5-დან 15 წლამდე ვაჟები, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სხვადასხვა ტიტულით დაჯილდოვდებიან: „აჭარის მის სტუდენტი“, „აჭარის რაინდი“, „აჭარის მის სკოლა“, „მის და მისტერ ტალანტი“ და სხვა. ამჟამად ტელეკომპანია „ბათუმი ტვ“-ში ქასთინგები მიმდინარეობს. კონკურსანტების მშობლებს შორისაც (სურვილის შემთხვევაში) გამოვლინდება „აჭარის მის დედა 2026“. კონკურსი სრულად გაშუქდება ტელევიზიით. ბათუმელ მაყურებელს კი დაუვიწყარი სანახაობა ელოდება.
კონკურსის შესახებ უფრო ვრცლად „გრანდ მოდერნ სთარის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორი გიორგი ბარამაშვილი გვესაუბრება.

– ძალიან მოხარული ვარ, რომ ბათუმში უკვე 22-ე წელია ყოველწლიურად სატელევიზიო ფესტივალ-კონკურსს მის და მისტერ გრანდიოზულ ვარსკვლავს, ანუ „გრანდ მოდერნ სთარს“ ვატარებ. ბიჭებისთვის კონკურსის სათაური შევცვალე – აჭარის რაინდი დავარქვი, უფრო გასაგები რომ ყოფილიყო მათთვის, თუ რა პროექტია, თუმცა, ზოგადად, იმდენი ტიტული გვაქვს, მეც მერევა ხოლმე ერთმანეთში (იცინის). ახლა კიდევ ერთი დავამატე – „აჭარის მოდერნ სტუდენტი“. თავდაპირველად თბილისში ჩავატარე სტუდენტებისთვისაც და ისე დაინტერესდნენ, წელს იგივე აჭარაშიც დავგეგმეთ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონები უნდა შევარჩიო და ჩვენს პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიო. კონკურსის დასკვნითი ღონისძიება ტრადიციულად ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება. მოგეხსენებათ, აჭარის ფილარმონიის ყოფილი დირექტორი ვარ და ამ ტრადიციას არ ვღალატობ. საზაფხულო თეატრში მქონდა კაბინეტი და პირველი „მის აჭარა“ 1996 წელს აქ ჩავატარე. ეს ყველაფერი სიმბოლურიცაა ჩემთვის, სხვანაირი დატვირთვა აქვს. ისეთ შოუს ვაკეთებ, სადაც სცენაა საჭირო და არა მხოლოდ პოდიუმი, როგორც, დავუშვათ, რომელიმე რესტორანში, ან სასტუმროში აკეთებენ. ეს არის სასცენო კონკურსი, რადგან მასშტაბებიც დიდია და, რაც მთავარია, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გამარჯვებული ათეულები გვეყოლება. ერთადერთი გამონაკლისია „მის სტუდენტი“, რომელიც მოზრდილი გოგონების კატეგორიას დაემატება და იქ 11 გამარჯვებული გამოვლინდება.

ახლა აქტიურ მზადებაში ვართ. ყოველ შაბათს ტელეკომპანია „ბათუმი ტვ“-ში ქასთინგები გვაქვს. აქაც არ ვღალატობ ტრადიციას და ვთანამშრომლობ ამ არაჩვეულებრივ და არაპოლიტიზირებულ არხთან, სადაც მხოლოდ გასართობი გადაცემები გადის და ბავშვების თემატიკასაც უფრო უხდება. ძალიან კარგია, რომ გვაქვს იმის საშუალება, მშობელს და ბავშვს ნორმალურად გავესაუბროთ, ყოველგვარი რიგების გარეშე. ცხადია, პატარ-პატარა რიგები მაინც არის, მაგრამ სად 3-საათიანი და სად 3-წუთიანი. მინდა მასშტაბები კიდევ უფრო გავზარდო და რაც შეიძლება მეტ სკოლაში გავაკეთო რეკლამა კონკურსის შესახებ. ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების გარდა, ქობულეთის და ჩაქვის სკოლებშიც ვაპირებ შესვლას, ასევე, რამდენიმე სოფელშიც, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროექტში, ესენია: ჭარნალი, თხილნარი, ახალშენი, ერგე, მახო, სახალვაშო. . . ბობოყვათის სკოლებშიც ვაპირებ წელს შესვლას. შარშან საკუთარ სიმღერაზე „ტკბილად დამიბერდები“ კლიპი გადავიღეთ, რომელიც მაჭახელაშია გადაღებული და საკმაოდ პოპულარული გახდა. ამ კლიპში ჩემი კონკურსანტები და მათი მშობლები მონაწილეობენ. სხვათა შორის, კონკურსის შემდეგ კლიპის გადაღებაც თითქოს ტრადიციად იქცა. მაჭახელაშიც ვაპირებ ასვლას, რათა იქაურ ბავშვებსაც შევატყობინო ჩვენი კონკურსის შესახებ. 7 ივნისიდან რეპეტიციები დაიწყება და წინ გრანდიოზული ღონისძიება გველის თავისი საფინალო ჰიმნით, – გვითხრა გიორგი ბარამაშვილმა.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • მაისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *