„ხალხის ფული ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას არ უნდა მოხმარდეს“
By

„ხალხის ფული ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას არ უნდა მოხმარდეს“

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსების საკითხზე ხელისუფლების პოზიცია კვლავ მწვავე განხილვის თემად რჩება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ პასუხისმგებლობაა და არა პოლიტიკური სარგებელი. მისი თქმით, მთავრობა მზად არის, დამატებითი კონსულტაციებისთვის, მათ შორის, ეკლესიასთანაც, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ბიუჯეტის თანხები „რაციონალურად“ უნდა იხარჯებოდეს.
„ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი თუ 60 მილიონი, არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი, პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხის პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად გაცილებით მარტივი იქნებოდა აღნიშნული თანხის გამოყოფა, თუმცა, მისი შეფასებით, არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება „ფარმაცევტული მაფიის“ ინტერესებს ემსახურებოდეს და არა რეალურ შედეგს.
„ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მლნ და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში, ხალხის შენატანების საფუძველზე. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი. მაგრამ თუ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ ხელისუფლება მზად არის ამ საკითხზე პატრიარქთან და ეკლესიასთან კონსულტაციებისთვის.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისი კონსულტაციები უმჯობესია გაგრძელდეს ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში, რადგან სწორედ იქ არსებობს საკითხთან დაკავშირებული ექსპერტული ცოდნა.

  • No Comments
  • მაისი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *