„ხალხის ძალა“ კანონპროექტს მხარს უჭერს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიასთან კონსულტაციის შემდეგ, „ხალხის ძალამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებით კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.
აღნიშნულის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დასმულ კითხვებზე კირცხალიასგან მოისმინა პასუხები, რომლებმაც შექმნა კომპრომისის საფუძველი.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის ლიდერთან მქონდა კონსულტაცია გუშინ. გარკვეული საკითხები კიდევ დარჩა ღია, ამიტომ საჭირო გახდა დღეს დილით კიდევ ერთი შეხვედრა და კომუნიკაცია. კითხვებზე იქნა პასუხები გაცემული, პასუხებს დაემატა ჩვენი მხრიდან კომპრომისი და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ხუნდაძემ. მისი თქმით: „კითხვები ეხებოდა ამ გადაწყვეტილების საჭიროებას და ფუნქციურ ასპექტებს. პასუხები იქნა გაცემული კითხვების უმრავლესობაზე, ისე, რომ ამ პასუხებს დაემატა ჩვენი მხრიდან კომპრომისი და ამის შემდეგ ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი კითხვები არ ეხებოდა პიროვნებებს. ეს ეხებოდა ამ გადაწყვეტილების საჭიროებას, სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით და ფუნქციურ ასპექტებს. ისე რომ, ეს კითხვები იყო პიროვნებების მიღმა – უფრო მეტად ეხებოდა სტრუქტურას და საჭიროებას იმის, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული მთავრობის მხრიდან და კანონპროექტის სახით შემოვიდა პარლამენტში“, – განაცხადა ხუნდაძემ.