ხელვაჩაურში სიმულაციური ახალგაზრდული საკრებულოს სხდომა გაიმართა
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდული მუნიციპალური მმართველობის აკადემია პროექტის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, სიმულაციური ახალგაზრდული საკრებულოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის წახალისება.

სხდომის მონაწილე ახალგაზრდებმა საკუთარი ინიციატივები და იდეები წარადგინეს. გაიმართა იდეებს შორის კონკურსიც, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოეჩინათ ხედვები, ემსჯელათ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, მერიის სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები. სტუმრებმა ახალგაზრდებს ინიციატივებისა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების დასასრულს, პროექტის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.