„ხიხანის ექო“
By

„ხიხანის ექო“

ახლახან, აჭარაში მოღვაწე მწერალმა ნანა აბულაძემ გამოსცა ისტორიული რომანი „ხიხანის ექო“, რომელიც ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ და ამაღელვებელ მონაკვეთს ასახავს. რა გახდა მწერლის მთავარი მოტივაცია, როგორ მიმდინარეობდა მასალების კვლევა, რა გზავნილს უნდა მიაპყროს ყურადღება მკითხველმა ამ რომანის წაკითხვისას? ამის თაობაზე თავად მწერალი ნანა აბულაძე გვესაუბრება.
– რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია, როცა სელიმ ხიმშიაშვილის პიროვნებაზე რომანის დაწერა გადაწყვიტეთ?
– სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე მუშაობას საერთოდ არ ვგეგმავდი, ფსიქოლოგიურ რომანს ვწერდი. ყველაფერი ჩემი დის დამსახურებაა, მან მირჩია, დამეწერა სელიმ ხიმშიაშვილის შესახებ და სწორედ ეს რჩევა გახდა ჩემი მთავარი მოტივაცია. ​
– როგორ მიმდინარეობდა ისტორიული მასალის მოძიება და კვლევა ამ წიგნის შექმნისას?
– ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი, თუმცა უაღრესად საინტერესო პროცესი. ისტორიულ რომანზე მუშაობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ამიტომ ვცდილობდი, ყველა დეტალი მაქსიმალურად გადამემოწმებინა. ​ჩემი პირველი მეგზური თეიმურაზ კომახიძის წიგნი „ხულო“ გახდა, რომელიც სახლში მქონდა და საიდანაც ბევრი ფასდაუდებელი ინფორმაცია ამოვკრიბე, თუმცა კვლევა ამით არ დასრულებულა, ამ გზაზე ბევრი პროფესიონალი და გულშემატკივარი დამეხმარა. ბატონმა როინ მალაყმაძემ მირჩია, წამეკითხა აბელ სურგულაძისა და რამაზ სურმანიძის მონოგრაფიები სელიმ ხიმშიაშვილზე, რომლებშიც უამრავი მნიშვნელოვანი მასალა აღმოვაჩინე. პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და საჭირო ცნობები მომაწოდა. პროფესორმა სერგო დუმბაძემ ხიხანის ციხესა და სელიმ ხიმშიაშვილზე შემონახული ლეგენდები და ისტორიული ამბები მომითხრო, ქალბატონმა გენრიეტა ქუთათელაძემ საინტერესო მასალებითა და წერილებით დატვირთული პირადი ბიბლიოთეკა გამიზიარა. ბატონმა ვახტანგ გოგრაჭაძემ საინტერესო და საჭირო ინფორმაციები გამაცნო. ასევე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი რედაქტორის ლამზირა აბულაძის როლი, რომელიც ისტორიკოსია. ეტაპობრივად ვუგზავნიდი ეპიზოდებს და მისგან ვიღებდი საჭირო ისტორიულ რეკომენდაციებს.
– რამდენად რთულია ისტორიულ ფაქტებსა და მხატვრულ ჩანაფიქრს შორის ბალანსის დაცვა?
– ისტორია მხოლოდ იმას გვეუბნება, რა მოხდა, ლიტერატურა კი გვიჩვენებს, რას გრძნობდა ადამიანი ამ დროს. მე არ შემიცვლია ისტორიული სიმართლე, თუმცა წარმოვაჩინე პერსონაჟთა შინაგანი სამყარო, მათი დიალოგები და განცდები.
– როგორ წარმოაჩინეთ სელიმ ხიმშიაშვილის შინაგანი სამყარო – რას ამატებს თქვენი ინტერპრეტაცია ისტორიულ თემას?
– ჩემთვის მთავარი იყო სელიმ ხიმშიაშვილის ადამიანური მხარე მეჩვენებინა მკითხველისთვის. ისტორიულ თემას ჩემმა ინტერპრეტაციამ სწორედ ეს შემატა: მე დავწერე არა მხოლოდ გმირზე, არამედ მამაზე, მეუღლესა და ლიდერზე, რომელსაც ისევე სტკიოდა ახლობლების ბედი, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს. ​ჩემი მიზანი იყო, მკითხველს ეგრძნო მისი შინაგანი ფორიაქი, პასუხიმგებლობანი და ასევე, ოცნებები საქართველოს დედასამშობლოსთან დაბრუნებაზე.
– რომანში აჭარის ტრაგიკული ისტორია მნიშვნელოვანი ხაზია – რა იყო თქვენთვის ამ თემის ასახვისას ყველაზე რთული?
– ყველაზე რთული იმ ყოველდღიური სასტიკი რეალობის აღწერა იყო, რომელშიც მაშინდელ აჭარას უწევდა არსებობა: მძიმე გადასახადები, ქართული ლაპარაკის აკრძალვა და ოსმალების მიერ გადამწვარი სოფლები. ​ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ემოციურად ყველაზე მძიმე მაინც სელიმის დასჯის და იმ უსამართლობის გადმოცემა აღმოჩნდა, რასაც ეს დიდი პიროვნება და მთელი კუთხე აწყდებოდა.
– რამდენად აქტუალურია, თქვენი აზრით, ისტორიული ამბები დღევანდელი საქართველოსთვის?
– სელიმ ხიმშიაშვილის თავგანწირვა და მისი უკანასკნელი სიტყვები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, რადგან ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს ოკუპირებული რეგიონები და ვიბრძვით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. სელიმის მაგალითი გვახსენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა უწყვეტი პროცესია. მისი სიტყვები ერთგვარი გზამკვლევია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების და ქვეყნის ერთიანობისთვის, მათში ჩანს, რომ ეს მხოლოდ სიმტკიცითა და საკუთარი ფესვების ერთგულებითაა შესაძლებელი.

– რას ეტყოდით მკითხველს – რა მთავარი იდეა ან გზავნილი უნდა შეითვისოს „ხიხანის ექოდან“?
– მინდა მკითხველმა დაინახოს, რომ სელიმის თავგანწირვა არ იყო მხოლოდ ერთი ეპიზოდი ჩვენს ისტორიაში. ეს არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. ჩემი მთავარი გზავნილია, არასოდეს შევეგუოთ დანაკარგს. ახლანდელი თაობებისთვის სელიმის გზა უნდა იყოს იმედის მომცემი. რაც უნდა რთულად გვეჩვენებოდეს ბრძოლა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის, მტკიცე ნებითა და ეროვნული ღირსების დაცვით ყველაფერი შესაძლებელია.
– რა ადგილი უჭირავს ამ რომანს თქვენს შემოქმედებაში, რამდენად განსხვავდება იგი წინამორბედისგან?
– ამ რომანს ჩემს შემოქმედებაში სრულიად გამორჩეული ადგილი უჭირავს. ისტორიული ჟანრი ბავშვობიდანვე მიყვარდა, თუმცა აქამდე სხვა გზას გავდიოდი. ჩემი პირველი ორი წიგნი პოეტური კრებულებია, მესამე წიგნი ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც მეზღვაური სტუდენტის ცხოვრებასა და საკუთარ თავთან ბრძოლას აღწერს. ​„ხიხანის ექო“ ჩემთვის ახალი საფეხურია. ის განსხვავდება წინა ნამუშევრებისგან, თუმცა მასში წინა ჟანრის ელემენტებიც შეინიშნება.
– ხართ თუ არა მზად კრიტიკისთვის?
– დიახ, მზად ვარ. ვფიქრობ, ავტორი, რომელიც ისტორიულ თემასა და ისეთ მნიშვნელოვან პიროვნებას ეხება, როგორიც სელიმ ხიმშიაშვილია, თავიდანვე მზად უნდა იყოს კრიტიკისთვის. ისტორია ხშირად ინტერპრეტაციების საგანია, ამიტომ განსხვავებული აზრი ბუნებრივია. ​ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წიგნმა დისკუსია გამოიწვიოს. როგორც ჩემმა რედაქტორმა აღნიშნა, ეს არის ისტორიული, მხატვრული და ფილოსოფიური ნარატივის სინთეზი, შესაბამისად, კრიტიკაც სხვადასხვა კუთხიდან შეიძლება წამოვიდეს. მე მზად ვარ ჯანსაღი შენიშვნებისთვის, რადგან ნებისმიერი გამოხმაურება ნიშნავს, რომ წიგნმა მკითხველი ააღელვა და დააფიქრა. საბოლოო ჯამში, კრიტიკა ხელს უწყობს იმ მთავარი მიზნის მიღწევას, რაც ამ რომანის დაწერისას მქონდა, სელიმ ხიმშიაშვილისა და აჭარის ისტორიის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო გაღვივებას.
– დაბოლოს, გეგმავთ თუ არა მომავალშიც ისტორიულ თემატიკაზე მუშაობას, თუ სხვა ჟანრში აპირებთ საკუთარი ძალების მოსინჯვას?
– ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმები არ მაქვს, თუმცა ვიტყვი იმას, რომ დიდი ალბათობით, ამ ჟანრში გავაგრძელებ მუშაობას.
ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • მაისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *