ხსოვნის ტურნირი – ნარდში
აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირმა წუთისოფლიდან წასული მეგობრის, კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნოდარ (სპარტაკ) ვანაძის ხსოვნის ტურნირი დააწესა. იგი რამდენიმე წელია იმართება და გაისად რესპუბლიკური ტურნირის სტატუსს მიიღებს.
აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ხელმძღვანელობა ტურნირს მეტწილად ღორჯომსა და ხულოში მართავს. წლევანდელი ტურნირი დაბა ხულოში შედგა. ორგანიზატორებმა სხვადასხვა ასაკის 60-ზე მეტ მონაწილეს თავი მოუყარეს, მათ შორის – 10-მდე ქალბატონს ასპარეზობაში ბათუმელებთან ერთად ადგილობრივებიც მონაწილეობდნენ, განსაკუთრებით ნოდარის თანახეობელები- ღორჯომელები აქტიურობდნენ.
ტურნირის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე, ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორი მალხაზ სოლომონიძე, დირექტორის მოადგილე შოთა თავართქილაძე.
ტურნირის მონაწილე ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე ასპარეზობდნენ. ქალებს შორის ბათუმური ფინალი შედგა. გურანდა ბოლქვაძემ მცირე უპირატესობით აჯობა იზოლდა ხოზრევანიძეს, ქალებს შორის მესამე ადგილი ნინო აბაშიძეს ერგო. მამაკაცებს შორის ფინალში ერთმანეთს ღორჯომელი გენადი ბერიძე და ბათუმელი ოთარ მჟავანაძე დაუპირისპირდნენ. გასული წლის მსგავსად, პირველი ადგილი ღორჯომელს ერგო. მესამე ადგილზე იგორ აბულაძე გავიდა. გენადი ბერიძემ ოქროს კამათლისთვის პაექრობაში გურანდა ბოლქვაძესაც აჯობა. საპრიზო ადგილებზე გასულ მონარდეებს მედლები, საპატიო სიგელები, თასები და ვაუჩერები გადასცეს. ნოდარ ვანაძის ვაჟმა ამირან ვანაძემ, ოჯახის სახელით, სამახსოვრო საჩუქარი გენადი ბერიძეს გადასცა.
ტურნირზე როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს შორის დაწესებული იყო ასაკობრივი პრიზები. ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ქალის პრიზი ნანი კეჟერაძეს ერგო, უხუცესის – ლამარა მჟავანაძეს (ორივე ბათუმელია). მამაკაცებს შორის ახალგაზრდა ხულოელი მანუჩარ ქამადაძე იყო, უხუცესი – შუახეველი რაჟდენ ფუტკარაძე.
– ნოდარ ვანაძე ღირსეული ხულოელი გახლდათ, – თქვა ბიჭიკო ბოლქვაძემ, – ქვეყნისთვის ძნელბედობის წლებში იგი მთიელი ახალგაზრდების ინტერესების დამცველად და ქომაგად გვევლინებოდა. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ღორჯომის ხეობაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და სახალხო დღესასწაულების წამოწყებაში. მის ხსოვნას მუდამ პატივს მივაგებთ.
ცოტნე ცაბაძე