ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძისა და მწვანე ტბის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.
მწვანე ტბასთან მისასვლელი 350-მეტრი სიგრძის საავტომობილო გზისა და დაახლოებით 90-მეტრი სიგრძის ბილიკის მოწყობა დასრულდა. დაგეგმილია ტბის ირგვლივ ერთკილომეტრიანი ბილიკის მოწყობა.
მთავრობის თავმჯდომარე მწვანე ტბაზე ტურისტებსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი აჭარა ოთხივე სეზონზე საინტერესო მიმართულებაა, ხოლო მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ვიზიტიორთა მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება კურორტ გოდერძიზეც. წელს დასრულდება საგამოფენო სივრცის, ავტოსადგურისა და ღია პარკინგის მოწყობა. მიმდინარეობს 500-მეტრი სიგრძის შიდა გზის რეაბილიტაციაც. წელსვე დასრულდება სათხილამურო ტრასის ღამის განათების პროექტირება და კურორტის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად დამატებითი წყლის რეზერვუარის მშენებლობა.

დასკვნით ეტაპზეა დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის გზის რეაბილიტაციაც. 6,2-კილომეტრიან მონაკვეთზე არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყო. დარჩენილი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან აკავშირებს, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივებისა და ტურისტების გადაადგილების პირობებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, კურორტ გოდერძის დირექტორი ფრიდონ პაპიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
ცოტნე ცაბაძე