ხულოს საგამოცდო ცენტრში
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ დარახველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხულოს საგამოცდო ცენტრში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას გაეცნენ. მათ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერეს და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.
საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი, რომელთაგან 4 აჭარის რეგიონშია განთავსებული.მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აჭარის რეგიონში, 4500-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
ქვეყნის მასშტაბით ინგლისური ენის გამოცდას 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს, რომელთაგან ხულოს საგამოცდო ცენტრში 100-მდე აპლიკანტია რეგისტრირებული.
თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილია შესაბამისი გაგრილების სისტემით.
გამოცდები, ტრადიციულად, ორ სესიად ტარდება. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
თამაზ მგზავრიძე