„ხშირად ყველაზე დიდ შთაგონებას ჩვეულებრივ მოვლენებში ვპოულობ“
გიორგი ხოზრევანიძე ბათუმში ცხოვრობს და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. ახალგაზრდა მხატვრის პირველი ნაბიჯები, შთაგონების წყარო და მუდმივი განვითარების სურვილი თანაქალაქელებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. დღეს ეს ნიჭიერი ახალგაზრდა გაზეთ ,,აჭარის“ სტუმარია, რომელსაც საუბრის დასაწყისში საკუთარი თავის წარდგენა ვთხოვე.
– მე ვარ ახალგაზრდა მხატვარი გიორგი ხოზრევანიძე. ხელოვნება ჩემთვის მხოლოდ ხატვა არ არის, ეს არის საკუთარი თავის გამოხატვის, ემოციების გადმოცემისა და სამყაროს განსხვავებული თვალით დანახვის საშუალება. თითოეულ ნამუშევარში ვცდილობ, ჩემი შინაგანი სამყარო, ფიქრები და სათქმელი ჩავდო. ვარ ადამიანი, რომელსაც დიდი მიზნები აქვს და სჯერა, რომ შრომითა და მონდომებით მიუღწეველი არაფერია. მინდა, ჩემი შემოქმედება ადამიანებს დაამახსოვრდეთ.
– როდის და როგორ აღმოაჩინეთ ხატვისადმი ინტერესი?
– მეექვსე კლასში. . . სწორედ მაშინ დავიწყე ხატვა და მას შემდეგ ეს საქმე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. თავიდან ეს, უბრალოდ, გატაცება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ხატვა ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა. წლებთან ერთად უფრო გამიძლიერდა ინტერესი, დავიწყე საკუთარი შესაძლებლობების განვითარება და სხვადასხვა იდეის ტილოზე გადატანა. დღეს ხატვა ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებაა და მინდა, ეს გზა კიდევ უფრო დიდი მიზნებით გავაგრძელო.
– პირველი ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
-ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, არის „ტილოზე დარჩენილი“. ამ ნამუშევარში გავაერთიანე ყველა ის ემოცია, ფიქრი და განცდა, რომლის ხმამაღლა გადმოცემასაც ვერ ვახერხებდი. შეიძლება ითქვას, რომ ტილოზე დავტოვე ის ყველაფერი, რისი თქმაც სიტყვებით არ შემეძლო. სწორედ ამიტომ არის ეს ნახატი ჩემთვის განსაკუთრებული, ის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში არ არის, ჩემი შინაგანი სამყაროს ნაწილია!
– ახალგაზრდა მხატვარს რა გეხმარებათ, რომ ყოველდღიურად განავითაროთ ტექნიკა და სტილი?
– ჩემთვის მოტივაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა ჩემივე ნამუშევარი, სახელად „პინგვინი“. იგი განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის, რადგან ყოველთვის მახსენებს, რომ არ უნდა დავნებდე, არ უნდა გავჩერდე და მუდმივად წინ ვიარო, მაშინაც კი, როცა სირთულეებს ვაწყდები, მას ვუყურებ და საკუთარ თავს ვახსენებ, რატომ დავიწყე ეს გზა. სწორედ ეს მაძლევს ძალას, გავაგრძელო განვითარება, დავხვეწო ჩემი ტექნიკა და ყოველდღიურად უკეთესი გავხდე.

– რა სირთულეებს წააწყდით და როგორ გადალახეთ ისინი?
– მქონია ფინანსური სირთულეები, იმედგაცრუება და მომენტები, როდესაც ჩემი შრომის დაფასება არ იგრძნობოდა. რთულია, როდესაც ბევრი გინდა, მაგრამ შესაძლებლობები შეზღუდულია, თუმცა არასდროს მსურვებია, სირთულეებს ჩემი მიზნებისთვის გადაესწრო. ვისწავლე, რომ შედეგს დრო, მოთმინება და ყოველდღიური შრომა სჭირდება. ჩემთვის დანებება გამოსავალი არასდროს ყოფილა.
– გაქვთ TikTok-ზე გვერდი, სადაც თქვენს ნამუშევრებს ჰყიდით…
– დიახ, მაქვს TikTok-ის გვერდი — Giorgi Khozrevanidze Oficial, სადაც ჩემს ნამუშევრებს ვაზიარებ და შეკვეთებსაც ვიღებ. მიხარია, რომ ადამიანებს ჩემი შემოქმედება აინტერესებთ. შეკვეთების უმეტესობა რწმენასთან, რელიგიურ თემებთან არის დაკავშირებული. ხშირად ვქმნი ისეთ ნახატებს, რომლებშიც სულიერი სიმშვიდის, რწმენისა და სინათლის გადმოცემას ვცდილობ. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საკუთარი რწმენისა და განცდების გამოხატულება დაინახოს ჩემს ნახატში. მინდა, სოციალური ქსელების საშუალებით ჩემი ხელოვნება უფრო მეტ ადამიანს გავაცნო, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

– გამოფენა გქონდათ ბულვარში, გვიამბეთ ამის შესახებ…
– ბულვარში ნამუშევრების წარდგენა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. ეს იყო შესაძლებლობა, ჩემი შემოქმედება ადამიანებისთვის გამეცნო და მათ გაეზიარებინათ საკუთარი შთაბეჭდილებები. მიმაჩნია, რომ მხატვრისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარ სივრცეში მუშაობა, არამედ ადამიანებთან შეხვედრა და თავისი ხელოვნების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა. ასეთი გამოცდილება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ წინ წავიდე.
– ბუნება ყველაზე დიდი მხატვარია, რას სწავლობთ მისგან?
– ბუნება მართლაც ყველაზე დიდი მხატვარია. მისგან ვსწავლობ ფერების ჰარმონიას, სინათლისა და ჩრდილის ურთიერთობას, სიმშვიდესა და დეტალების მნიშვნელობას. ხშირად ყველაზე დიდ შთაგონებას ჩვეულებრივ მოვლენებში ვპოულობ – ცის ფერებში, მზის ჩასვლაში, ღრუბლებში ან ხეების მოძრაობაში. ბუნებასა და საკუთარ თავს შორის გარკვეულ მსგავსებასაც ვხედავ. როგორც ბუნება იცვლება, გადის სხვადასხვა სეზონს და მაინც ინარჩუნებს თავის სილამაზეს, მეც ვცდილობ, ცხოვრების თითოეული ეტაპი გამოცდილებად ვაქციო და ეს ყველაფერი ჩემს შემოქმედებაში გადმოვიტანო. ბუნება მასწავლის, რომ სილამაზე ყოველთვის თვალშისაცემი არ არის და ყოველ ცვლილებას თავისი აზრი აქვს. ვფიქრობ, მხატვარმა ბუნებას არა მხოლოდ უნდა შეხედოს, არამედ უნდა იგრძნოს კიდეც.
– თვისება, რომელიც ყველაზე ფასეულია ადამიანში?
– ჩემთვის ყველაზე ფასეული თვისება გულწრფელობა და ერთგულებაა. ვფიქრობ, ადამიანს სიტყვებზე მეტად მისი საქციელი ახასიათებს. მნიშვნელოვანია, იყო მართალი საკუთარ თავთან და სხვებთან, შეინარჩუნო ადამიანობა და პატივი სცე სხვის შრომასა და გრძნობებს. ჩემთვის ნდობა ძალიან ძვირფასია.
– როგორ ხედავთ ხელოვნური ინტელექტის როლს ხელოვნებაში — მეგობარია თუ კონკურენტი?
– ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს კარგი დამხმარე და დამატებითი შესაძლებლობა ხელოვნებაში. მას შეუძლია ახალი იდეების გენერირება და ტექნიკური პროცესების გამარტივება, თუმცა მიმაჩნია, რომ ხელოვნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის გამოცდილებას, ემოციას, წარმოსახვას და საკუთარ ხელწერას. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ქმნიდეს გამოსახულებას, მაგრამ ჩემთვის მხატვრობა მხოლოდ გამოსახულების შექმნა არ არის – ეს არის ისტორია, რომელსაც ავტორი საკუთარ ნამუშევარში ტოვებს. ამიტომ მას უფრო მეგობრად ვხედავ, ვიდრე კონკურენტად.

– დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შემოქმედებითი გზა რამდენიმე წლის შემდეგ?
– რამდენიმე წლის შემდეგ მინდა ვიყო მხატვარი, რომელსაც საკუთარი გამორჩეული ხელწერა და ცნობილის სახელი ექნება. მსურს, მქონდეს პერსონალური გამოფენები, მონაწილეობა მივიღო საერთაშორისო პროექტებში და ჩემს ნამუშევრებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაეცნონ. ჩემი დიდი ოცნებაა, ხელოვნების ისტორიაში საკუთარი კვალი დავტოვო. ვან გოგი ჩემთვის მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი განსხვავებული ხედვით მსოფლიო ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს. მეც მინდა, ერთ დღეს ჩემი სახელი და ნამუშევრები ადამიანებს ახსოვდეთ, ვიცი, რომ ეს მარტივი გზა არ იქნება, მაგრამ დიდი მიზნები სწორედ დიდ შრომას მოითხოვს!
ლაშა ხომერიკი