ჯოზეფ ბორელი – ევროკომისიას არ შეუძლია ჩრდილოვანი პენტაგონის როლის შესრულება
ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ევროკომისიისა და ევროკავშირის დიპლომატიური შტოს, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის როლების სულ უფრო გადაფარვამ, ბლოკის საგარეო პოლიტიკის მექანიზმში „საკმაო არეულობა“ შექმნა. ამის შესახებ ბორელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ევროკომისია არ საუბრობს ევროკავშირის სახელით, კომისია წარმოადგენს მხოლოდ კომისიას“, – განაცხადა ბორელმა.
„პოლიტიკოს“ თანახმად, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის კაია კალასის მსგავსად, ბორელსაც ჰქონდა კონფლიქტი ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ბორელი ისრაელის კრიტიკით გამოირჩეოდა.
„რა უფლებამოსილებით მიდის კომისარი ისრაელში, რათა თქვას, რომ ევროკავშირს და ისრაელს ერთმანეთი უყვართ, ეთანხმებიან და აღნიშნავენ ისრაელის როლს მშვიდობასა და სტაბილურობაში, როდესაც, ამავდროულად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ისრაელი კრძალავს?“ – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
ამასთან, ბორელი ღიად აკრიტიკებს ევროკომისიის მზარდ როლს დიპლომატიის და თავდაცვის საკითხებში და ამტკიცებს, რომ ეს სცილდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს და ქმნის დაბნეულობას, თუ ვინ საუბრობს ევროპის სახელით მსოფლიო ასპარეზზე.
„თავდაცვის პოლიტიკა სამთავრობათაშორისო პოლიტიკაა, ევროკომისიას არ შეუძლია ჩრდილოვანი პენტაგონის როლის შესრულება“, – განაცხადა ბორელმა.