10-წლიანი მეგობრობა კიდევ უფრო მტკიცდება
By

10-წლიანი მეგობრობა კიდევ უფრო მტკიცდება

აჭარაში დამეგობრებული პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის 30-მდე წევრი იმყოფებოდა. მათ რეგიონის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, საქმიანი და მეგობრული შეხვედრები გამართეს რეგიონის ხელმძღვანელებთან. დელეგაციის 21-მა წევრმა ერთი დღე აჭარის მთიანეთში გაატარა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის მექანიზმებზე, ჯანდაცვის, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ანზორ ბოლქვაძემ, მინურ პაქსაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ იმ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, რომელიც 10 წელს ითვლის. აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, პოლონელმა სტუმრებმა მოინახულეს ისტორიული და კულტურული ძეგლები, სატბაოს უბანსა და შუახევში ადგილობრივი ანსამბლების კონცერტს დაესწრნენ. ქედაში სტუმრებს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაუმართეს, რომელსაც რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. აჭარის მთიანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, კომენტარი რამდენიმე სტუმარს ვთხოვეთ.

მარეკ ლაპინსკი, სეიმიკის პირველი ვიცე-თავმჯდომარე:

– ქართველებს მეგობრობასა და ურთიერთობებში ბადალი რომ არ გყავთ, ეს აქსიომაა. ყველგან და ყველაფერში იგრძნობა ის დიდი ტრადიცია, რომელიც ამ ერის ისტორიის თანმდევია. მოვიხიბლე უხუცესებისა და ნორჩების ცეცხლოვანი ცეკვებით, ადამიანების კეთილი დამოკიდებულებით. ქართული სამზარეულო და ღვინო ფასდაუდებელია. ვისურვებდი, 10 წლის წინ დაწყებული მეგობრობა მტკიცე და შეურყეველი იყოს.

ცეზარ ფშიბილსკი, ქვემო სილეზიის რეგიონული ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარე (ყოფილი მარშალი):

– აჭარა მარტო ბათუმი და ზღვისპირეთი რომ არაა, ამას ნანახიც ადასტურებს. ასეთი სილამაზე ყველას მოხიბლავს. მომენატრება ეს ლამაზი კუთხე, მისი დამამშვენებელი და მასულდგმულებელი ადამიანებით. აქ სიცოცხლეც სახალისოა და ცხოვრებაც – საამაყო.

მალგოჟატა მატუშაკი, ტშებნიცას ოლქის ხელმძღვანელი: – შარშანაც გახლდით ამ ულამაზეს კუთხეში და შთაბეჭდილებები თქვენი გაზეთის მკითხველებსაც გავუზიარე. მეც მახარებს ის პროგრამები და პროექტები, რომლებიც ადგილობრივების საკეთილდღეოდ ხორციელდება. მომავალ შეხვედრამდე.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ივლისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *