121 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები გადაეცათ. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად დაესწრო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ პროექტი ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზარალებული 121 ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, სწორი პოლიტიკის შედეგია ჩვენი ეკონომიკის ზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმატება. მოსახლეობაზე ზრუნვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. დღევანდელი დღე არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სოციალური პროექტით. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალიბაურში მიმდინარე მშენებლობა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობა და ასევე „ოცნების ქალაქის“ პროექტი, რომლის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს და სულ მალე 1077 ოჯახი მიიღებს ბინებს. ჩვენი მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა დიასამიძესთან ერთად, თედორაძეების მრავალშვილიან ოჯახს სიმბოლური გასაღები გადასცა.
11-სართულიან შენობაში ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები მოეწყო, რომლებიც ოჯახების წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით განაწილდა. ყველა საცხოვრებელი ფართი უზრუნველყოფილია წყლით, ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით.
აღსანიშნავია, რომ სოციალური სახლის მშენებლობა 2024-2026 წლებში განხორციელდა და 14 603 081 ლარით დაფინანსდა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.