2 – 6 ივნისს ბათუმი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს
ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფისი გაიხსნა. ცერემონიას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.
ოლიმპიური კომიტეტისა და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ბათუმის ოფისს უჩა აბრამიშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყანაში უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება. მულტისპორტული შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს შორის გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდები მიიღებენ.
ფინალურ ასპარეზობას 2026 წლის 2-6 ივნისს, ბათუმი უმასპინძლებს. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე, დახურვის ცერემონია კი ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან გაიმართება.