2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა ყირგიზეთი, იმპორტიორი კი თურქეთია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 650.2 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ჩინეთი – 583.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 566.7 მლნ აშშ დოლარით.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 187.7 მლნ აშშ დოლარით, ჩინეთი – 1 746.1 მლნ აშშ დოლარითა და აშშ – 1 716.3 მლნ აშშ დოლარით.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 529.3 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 811.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 464.0 მლნ აშშ დოლარით.
უწყების ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 652.0 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 407.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 526.8 მლნ აშშ დოლარით.