2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 4.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 4.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. აეროპორტებიდან გაემგზავრა 5.3 პროცენტით მეტი, 0.8 მილიონი მგზავრი, ხოლო აეროპორტებმა მიიღო 3.3 პროცენტით მეტი, 0.8 მილიონი მგზავრი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.6 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.3 ათასი შეადგინა, რაც 20.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 10.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.1 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.9 პროცენტი — გაგზავნილი.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 6.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 190.7 ათასი მგზავრი და გადატანილია 30.5 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 57.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.