300 ტონა თხილი და ევროპული პერსპექტივა
By

300 ტონა თხილი და ევროპული პერსპექტივა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ვიზიტისას ყურადღება რეგიონში აგრარული სექტორის გაძლიერებასა და ადგილობრივი ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობაზე გამახვილდა.

როგორც დენის სალუქვაძემ აღნიშნა, უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს თხილის წარმოების განვითარება და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდა წარმოადგენს.

„თხილის წარმოებას აჭარის სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ როგორც თხილის წარმოების განვითარებას, ისე მისი გადამუშავებისა და საექსპორტო მიმართულების გაძლიერებას. ადგილობრივი საწარმოების ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს, ერთი მხრივ, ფერმერებისთვის ქმნის ნედლეულის რეალიზაციის სტაბილურ შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ადგილზე დამატებული ღირებულების შექმნასა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას უწყობს ხელს“, – განაცხადა მინისტრმა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შპს „აჭარა თხილის“ საწარმო ადგილობრივი ფერმერებისგან ნედლეულს შეუფერხებლად იღებს. არსებული საწარმოო სიმძლავრეები სეზონის განმავლობაში 300 ტონამდე ნედლეულის გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა. მზა პროდუქცია რეალიზდება როგორც შიდა ბაზარზე, ისე ევროპის ქვეყნებში, რაც ადგილობრივი პროდუქციის მაღალ სტანდარტსა და კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს. ამ ეტაპზე საწარმოში 30 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

მინისტრთან ერთად საწარმოში იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და დარგობრივი უწყებების წარმომადგენელთა ერთობლივი ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონში აგროსექტორის მდგრადი წინსვლისა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის პრიორიტეტულობას.

  • No Comments
  • სექტემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *