7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში
საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარების ათწლიანი გეგმა ჩინეთთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული, რაც პორტების, რკინიგზის, გზებისა და აეროპორტების განახლებასა და გამტარუნარიანობის ზრდას მოხმარდება. ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებითმა საქმეთა რწმუნებულმა ტაი ჩუნიუნგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, დაგეგმილი პროექტების მიზანია საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის შესაძლებლობების გაორმაგება, ხოლო აეროპორტების ინფრასტრუქტურის საერთო შესაძლებლობების გასამმაგება.
ჩუნიუნგმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო დერეფნის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, საქართველო და დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნები მუშაობენ „საზღვაო ერთი ფანჯრის“ სისტემის განვითარებაზე, საგზაო ტრანსპორტისთვის ელექტრონული ნებართვების დანერგვასა და ტრანსსასაზღვრო მონაცემთა გაცვლის გაუმჯობესებაზე.
ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთს რკინიგზის, პორტების, აეროპორტებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროებში მნიშვნელოვანი საინჟინრო, სამშენებლო და მართვის გამოცდილება აქვს და მზად არის, ეს შესაძლებლობები საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის გამოიყენოს.
„ჩინეთს გააჩნია ყოვლისმომცველი ინდუსტრიული კომპეტენცია, რომელიც მოიცავს დაგეგმვასა და პროექტირებას, ინვესტიციებსა და დაფინანსებას, მშენებლობას, ჭკვიან მართვასა და ტექნიკურ მომსახურებას. ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან და დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებთან, რათა აღმოფხვრას შეფერხებები, გააძლიეროს დერეფნის საერთო კონკურენტუნარიანობა და შეიქმნას უსაფრთხო, ეფექტური, „ჭკვიანი“ და ეკოლოგიურად სუფთა სამაგალითო მარშრუტი აზიასა და ევროპას შორის კავშირების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ტაი ჩუნიუნგმა.