ტარიელ ფუტკარაძის მიერ დაწყებული ურთიერთობები გრძელდება
By

ტარიელ ფუტკარაძის მიერ დაწყებული ურთიერთობები გრძელდება

საქართველოს პარლამენტის წევრი  ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ფრიდონ ფუტკარაძე, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის დუზჯეს უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. კანონმდებლებმა შეხვედრა გამართეს ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ყურადღება გამახვილდა ქართული ენის განყოფილების საქმიანობასა და მის განვითარებაზე.

დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 2013 წელს, ფრიდონ ფუტკარაძის ძმის, ცნობილი ქართველოლოგის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ძალისხმევით და უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით გაიხსნა. აქ, დღესაც ქართველი მეცნიერის მიერ შედგენილი პროგრამით მიმდინარეობს სწავლა. ამავე უნივერსიტეტში მოქმედებს ტარიელ ფუტკარაძის სახელობის კაბინეტი, სადაც  ბიბლიოთეკაცაა მოწყობილი.

ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში და სწავლობდა იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების ყოფა-ცხოვრებას და დიალექტს, 2021 წელს გარდაიცვალა.

ფრიდონ ფუტკარაძემ დაათვალიერა პროფესორის სახელობის კაბინეტი და მოისმინა იმ ღვაწლისა და დამსახურების შესახებ, რაც ტარიელ ფუტკარაძემ დუზჯეს უნივერსიტეტში, ასევე, დუზჯეში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებში ენის განვითარებისა და კულტურის შესანარჩუნებლად გასწია.

დუზჯეს ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა აიდინ ქუბილაიმ,  ფრიდონ ფუტკარაძეს საჩუქრად ტარიელ ფუტკარაძის ხელნაწერის ასლი გადასცა, რომელსაც ადგილობრივი ქართველები ოჯახებში რელიკვიად ინახავენ.

​ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები ქალაქ დუზჯეში მცხოვრები ქართველების მიერ ორგანიზებულ, ტრადიციულ დღესასწაულსაც დაესწრნენ. ადგილობრივი ქართული კულტურის ცენტრმა ქართული კულტურის დღე პირველად აღნიშნა ასეთი მასშტაბით.

​ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ დუზჯეს კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური ჯგუფი, ანსამბლი „რირაში“ ინეგოლიდან და მუსიკალური ჯგუფი სტამბოლიდან იბერია ოზქან მელაშვილის ხელმძღვანელობით.

​პარალელურად, მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული კერძები და კალიგრაფიის ნიმუშები. ფრიდონ ფუტკარაძემ და ანზორ ბოლქვაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადეს.

9 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერის, ცნობილი ენათმეცნიერის, ქართველოლოგის ტარიელ ფუტკარაძის დაბადების დღეა. კანონმდებლების გასვლა მეზობელ ქვეყანაში და ქართული კულტურის დღეებში მონაწილეობა დასტურია იმისა, რომ ტარიელ ფუტკარაძის მიერ დაწყებული ეროვნული საქმეები, ურთიერთობები გრძელდება.

ღონისძიების ორგანიზატორებმა და ქართველმა კანონმდებლებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • მაისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *