ვოლოდიმირ ზელენსკი – კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს:
„წუხელ რუსებმა მხოლოდ დედაქალაქის მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. სულ უკრაინის წინააღმდეგ 70 რაკეტა და 611 დრონი გამოიყენეს.“
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დედაქალაქში 28 ადამიანი დაშავდა და 4 დაიღუპა.
„კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის მიერ განხორციელებულმა დარტყმამ მიძინების ტაძარში ხანძარი გამოიწვია – ეს არის ეკლესია, რომლის ისტორიაც მე-11 საუკუნიდან იწყება. ეს რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ დღემდე ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაშაულია, წერს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უკვე ჩააქრო ხანძარი ტაძრის სახურავზე. ამასთან, ზელენსკის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვში მაშველებს მაშინ დაარტყეს, როდესაც ისინი მანამდე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს აქრობდნენ სამრეწველო ობიექტზე. დაიღუპა 5 ადამიანი და 9 დაშავდა.
ზელენსკის ინფორმაციით, კიევისა და ხარკოვის გარდა რუსების სამიზნე იყო დნიპროს, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ნიკოლაევის ოლქებიც.
„ასე აჩვენებს რუსეთი მსოფლიოს ომის გაგრძელების განზრახვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან, რომლებიც ახლა სამიტისთვის იკრიბებიან, რეაგირება მოხდეს და ეს პასუხი იყოს გადამწყვეტი და არსებითი: აგრესორზე მეტი ზეწოლა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის, განსაკუთრებით ანტიბალისტიკური შესაძლებლობების, მეტი მხარდაჭერა“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, საჭიროა მეტი თანამშრომლობა რუსეთის ომის შესაჩერებლად.
„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ჩუმად არ დარჩეს რუსული ბარბაროსობის ამ უახლეს აქტზე რეაგირებისას. ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე. ამას ან სხვა მსგავს რუსულ თავდასხმებს არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. საჭიროა მეტი თანამშრომლობა რუსეთის ომის შესაჩერებლად და უფრო ძლიერი დაცვა იმისთვის, რომ რუსეთისგან ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ“, – აცხადებს ზელენსკი.