აჭარაში კოვიდ 19-ზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება
ასევე, აქტიურდ მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. აქ ახალ კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა 157 თანამშრომელს, პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია. აჭარაში კოვიდ 19-ზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ბათუმის ტერიტორიაზე კარვები ბულვარში, კოლონადებსა და არდაგანის ტბასთან, აჭარული სახლის მიმდებარედ არის მოწყობილი, ქობულეთში – აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩამოთვლილ ადგილებზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად, დღის მეორე ნახევრიდან შეუძლია. ამ ეტაპისთვის ტესტირების პროცესი 17:00 -დან 22:00 საათამდე მიმდინარეობს.
21 აგვისტომდე აჭარაში კოვიდ 19-ზე კვლევა გაფართოებულ მიზნობრივ ჯგუფებში, აგრეთვე ცხელებისა და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში ტარდებოდა, მაგრამ ვინაიდან დაფიქსირდა ისეთი ერთეული შემთხვევა, რომლის ინფექციის წყარო არ იყო დაზუსტებული, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, დაწყებულიყო გაფართოებული ტესტირება. ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო დასვენებას. პირი, რომელიც კვლევას ჩაიტარებს, კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, პასუხს 24 საათის განამვლობაში მიიღებს.
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 1429-ს შეადგენს, საიდანაც 1150 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 7005 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ – 255, გარდაცვლილია 19 ადამიანი.]]>