
პირველი საერთაშორისო საზაფხულო კონფერენცია – ბათუმში
ბათუმი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით პირველ საერთაშორისო საზაფხულო კონფერენციას მასპინძლობს. ა(ა)იპ `ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო~ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზებას უწევენ პირველ საერთაშორისო საზაფხულო კონფერენციას თემაზე – `ახალი ჰორიზონტები: რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის~.
ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 8 ივნისს გაიხსნა და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდდება, მიზნად ისახავს დარგის ექსპერტებს, ახალგაზრდა ლიდერებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის ინკლუზიური დიალოგისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას.
საერთაშორისო და ადგილობრივ მონაწილეებს ელით ინტერაქტიული პანელური დისკუსიები, ექსპერტების მიერ მოდერირებული თემატური სამუშაო შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთო რეგიონული გამოწვევების ინოვაციური გზებით გადაჭრისა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერების პროცესს. ღონისძიება უნიკალური პლატფორმაა რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გლობალური და რეგიონული გამოწვევები კიდევ უფრო მეტ ერთობასა და ინოვაციურ მიდგომებს მოითხოვს.
– საფუძველი ჩაეყარა პირველ საზაფხულო კონფერენციას და ეს არის „ახალი ჰორიზონტები“ ანუ ურთიერთობები ევროპასა და აზიას შორის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მკვეთრად არის გაზრდილი ჩვენი როლი რეგიონში, შესაბამისად, ჩვენს უნივერსიტეტში მსგავსი კონფერენციების ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ აკადემიური პირებისათვის, არამედ სტუდენტებისთვისაც, ეს გვეხმარება, გავცვალოთ ინფორმაციები, ჩვენი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა და შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ ერთი საერთო მიზანი რეგიონში. ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გაგრძელდება, მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება და შევხვდებით გარემოში, სადაც გვექნება აკადემიურ სივრცეში ერთმანეთთან დისკუსიის, აზრის გაცვლის შესაძლებლობა. დღეს კონფერენციის მონაწილეები წარმოდგენილი იყვნენ რამდენიმე ქვეყნიდან, რაც, შესაბამისად, კიდევ უფრო ზრდის ამ კონფერენციის მნიშვნელობას, – გვითხრა, ბსუ-ის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა თამთა ვარშანიძემ.
– ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაახლოებით 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლა. შეხვედრა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გვყავდა მოწვეული სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია ის საკითხები, რა თემებიც იყო უშუალოდ სპიკერებისგან წარმოდგენილი. ეს არის განათლების მიმართულება, ახალგაზრდული პოლიტიკა, განახლებადი ენერგია, მდგრადი განვითარება და რაც მთავარია, უსაფრთხოების საკითხები. ვფიქრობ, დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანია დიალოგის არსებობა, რადგან სწორედ მისი ნაკლებობაა ის მთავარი პრობლემა, რაც ზოგადად საზოგადოებაში არსებობს. შესაბამისად, ის საკითხები, რაც განვიხილეთ, არის გრძელვადიან პერსპექტივაზე მორგებული. დღეს დაიგეგეგმება თანამშრომლობა და ხვალ გაგრძელდება კონკრეტული შედეგებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – გვითხრა კონფერენციის იდეის ავტორმა, ბსუ-ის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა გიგა ფარტენაძემ.
– ამ კონფერენციამდე, ბატონ გიგა ფარტენაძეს, წელს, სხვა წევრებთან ერთად, `ჯონ სმიტ თრასთ~-ის პროგრამის ფარგლებში შევხვდით. მაშინვე მივხვდით, რომ ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა გაგვეგრძელებინა. გიგამ გადაწყვიტა, ორგანიზება გაეწია საერთაშორისო კონფერენციისთვის, რათა კიდევ ერთხელ შევხვედროდით ერთმანეთს, გველაპარაკა სხვადასხვა საკითხზე და გვემსჯელა, როგორი თანამშრომლობა შეგვიძლია ქვეყნებს შორის. საკმაოდ საინტერესო საკითხები განვიხილეთ. ჩვენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ფინანსური კუთხით ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა მეტად დაგვაახლოებს ერთმანეთს, – გვითხრა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ვიცე- პრეზიდენტმა გიულარ პაშაევამ.
მარიამ ხითარიშვილი