
საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი ორ დღეში დასრულდება. უკვე ჯამდება სასწავლო წელს გაწეული საქმიანობა. გამონაკლისი არც შუახევია. მიმდინარეობასთან კავშირში იყო საგნობრივი კონკურსების შედეგები, რომელიც რესურსცენტრის ინიციატივით ტარდებოდა ბიოლოგიაში, მათემატიკაში, გეოგრაფიაში, ისტორია-სამოქალაქო განათლებასა და ინგლისურ ენაში. მასში მონაწილეობდა 700 მოსწავლე. საგნობრივი კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლების დირექტორები საზეიმოდ დააჯილდოვეს. ღონისძიება აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და შუახევის რესურსცენტრის, სპმთპ „შუახევის რაიონული საბჭოს“ მიერ იყო ორგანიზებული. დაჯილდოებას წინ უძღოდა შუახევის რესურსცენტრის უფროს ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაცია 43 საჯარო და 1 კერძო სკოლაში სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობების შესახებ. შეკრებილებს მიესალმნენ, მოსწავლეებს სიგელები, `ბიბლუსის~ სასაჩუქრე ვაუჩერები, მასწავლებლებსა და დირექტორებს კი მადლობის ბარათები გადასცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ჯემალ სურმანიძემ, რავშან ბეჟანიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, სპმთპ `შუახევის რაიონული საბჭოს~ თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ.
– ასეთი კონკურსების მიზანია, მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა სასურველ ლიტერატურასა და თვალსაჩინოებასთან, – გვითხრა ედუარდ გოგრაჭაძემ.
გალერეა

