18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
ოლიმპიადა, რომელიც ფოლკლორის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას ემსახურება
By

ოლიმპიადა, რომელიც ფოლკლორის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას ემსახურება

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის -„ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში, კონკურსში 12-მა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. გრან პრი, I, II და III ადგილები ჟიურმა ასე გადაანაწილა:
გრან პრი გადაეცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №1 საჯარო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,ოჰოი ნანა“, შუახევის მუნიციპალიტეტის ფრიდონ მახარაძის სახელობის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლასთან არსებულ ანსამბლს „მარეთი~ და ბათუმის მე-6 საჯარო სკოლასთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,მთაწმინდა~.
I ადგილის მფლობელები გახდნენ: ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქედის სალოტბარო სკოლა, ქალაქ ბათუმის №15 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თოლია~ და სსიპ ქალაქ ბათუმის №9 საჯარო სკოლასთან არსებული ანსამბლი ,,მარეთი~.
II ადგილი წილად ხვდა მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის (ურეხის ფილიალი) ფოლკლორულ გუნდს ,,ჰანგები~, ბათუმის №1 საჯარო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,„ლილე“ და ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,საუნჯე“.
III ადგილზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებული ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,კოლხა” და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი – `აისი~ გავიდნენ.
გრან პრის მფლობელ ანსამბლებს დაუფინანსდებათ გასტროლი (20 000 ლარის ოდენობით) და გადაეცემათ სასცენო სამოსი. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები დაჯილდოვდნენ სასცენო სამოსით, ტრადიციული ხალხური საკრავებითა და ფულადი ჯილდოებით.
– დღეს, ამ დარბაზში, ნამდვილად იყო ფოლკლორის ზეიმი. მადლობა, რომ ხართ ამ ზეიმის მონაწილეები, ჩვენი ეროვნული იდენტობის, ჩვენი მემკვიდრეობისა და მომავლის მცველები. ვულოცავ გამარჯვებას ყველა მონაწილეს. მინდა მადლობა გადავუხადო ჟიურის, აჭარის კულტურის სამინისტროს, განსაკუთრებით კულტურის დეპარტამენტსა და ფოლკლორის განყოფილებას საღამოს ასეთი ორგანიზებისთვის. აქ არსებული ემოცია გვაძლევს იმის თამამად თქმის საშუალებას, რომ აჭარის კულტურის სამინისტროსა და მინისტრის – ქალბატონ ელისო ბოლქვაძის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ფოლკლორის ხელშეწყობაა. მომავალში თქვენ ნამდვილად გახდებით არაერთი საინტერესო პროგრამისა და პროექტის მონაწილეები. კიდევ ერთხელ, წარმატებებს გისურვებთ, – აღნიშნა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ცნობისთვის: ოლიმპიადის ფარგლებში, შესარჩევი ტურები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდა 70-ზე მეტი ანსამბლი, ჯამში, 1800-ზე მეტი ახალგაზრდა.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • ივნისი 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *