
შეხვედრა 60 წლის შემდეგ
საღორეთი, ქედის ცენტრი, ოლადაური, ჭვანა, თხილვანა, ფაჩხა ის დასახლებებია, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისში სკოლები აღდგა. ჭვანაში ეს კერა 1916 წელს გაიხსნა. ცნობილი მეცნიერის აკაკი ზოიძისა და სკოლის დირექტორის, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ლევან კილაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჭვანაში ქართული სკოლის აღდგენის საუკუნოვანი იუბილეც გადაიხადეს.
სკოლის აღდგენას მთის სოფელში, ახლანდელი შუახევის რაიონის ტერიტორიაზე, პირველი ქოხსამკითხველოს (ბიბლიოთეკის) გახსნაც მოჰყვა. მის ხელმძღვანელად ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანის (ალმე) მკვიდრი ანზორ (აიდინ) რიჟვაძე დაინიშნა. ახლად აღდგენილმა ქართულმა სკოლამ რამდენიმე წელს დაწყებითის სტატუსით იმოქმედა. ხეობის ოცამდე სოფლიდან, პირველი 8-წლიანი სკოლაც ჭვანაში ამოქმედდა.
1949 წელს დღის წესრიგში დადგა რვაწლედის საშუალო სკოლად გარდაქმნის საკითხი. ჭვანის თემის მაშინდელმა ხელმძღვანელმა სიმონ ქარცივაძემ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო და… საშუალო სკოლამ მუშაობა უჩამბაში, 1949 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყო.
ახლანდელი შუახევის რაიონის ტერიტორიაზე ჭვანა მეოთხე სოფელია, სადაც სკოლამ საშუალოს სტატუსით მოქმედება 1956 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ მრავალი ქალიშვილი და ჭაბუკი ეზიარა განათლებას მის კედლებში. მათგან ნაზიკო (ზინეთ) დუმბაძე პირველი გოგონა იყო აჭარის მთიანეთიდან, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ამ სკოლის მოსწავლეები იყვნენ პოეტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი შოთა ზოიძე, ცნობილი მეცნიერები, ექიმები, იურისტები.
1964-1965 სასწავლო წელს სკოლამ 23 კურსდამთავრებულს ცხოვრების დიდ გზაზე გასვლა დაულოცა. სკოლის მაშინდელი დირექტორის ახმედ მსახურაძის, კლასის ხელმძღვანელ რეზო დუმბაძის, სახალხო განათლების ამაგდარების რევაზ ქათამაძის, დიმიტრი ანთიძის, ასლან ფაღავას, შოთა ლორთქიფანიძისა და სხვების დამსახურებით, ყველა მათგანი ცხოვრების სწორ გზას დაადგა. მათი მასწავლებლებიდან წუთისოფელს რუსუდან ფუტკარაძე, ზაირა სანიკიძე და ციალა ანთაძე შემორჩნენ.
– ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჭვანის საშუალო სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად გამამწესეს. „სანდრო ამაღლობელისა და ნოდარ კილაძის კლასი“ – ასე ვეძახდით მაშინ, პირველი იყო, რომელთა ატესტატზე ჩემი ხელმოწერაცაა. 60 წელია მათთან ერთად მოვდივარ, მათი ლხინისა და დარდის მოზიარე ვარ. მრავალი სამსახური გამოვიცვალე, მაგრამ მოსწავლეებთან გატარებული დრო ყველაზე კეთილ მოგონებად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. „საპატიო შუახეველს“, „საპატიო ჭვანელს“, დაბადებიდან 80 წლის იუბილე რომ გადამიხადეს, ეს თარიღი სხვებთან ერთად, იმ სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმაც მომილოცეს. სკოლასთან გამომშვიდობების 60 წლისთავის საღამოზე გულითა და სულით მსურდა დასწრება, მაგრამ ვერ შევძელი. ვულოცავ კურსდამთავრებულებს საიუბილეო თარიღს, – გვითხრა რუსუდან ფუტკარაძემ.
კილაძეების გვარის ეთნარქმა ნოდარ კილაძემ სკოლის დამთავრების 60 წლისთავი ილია ცინცაძის, მამია, სოსო ზოიძეების, სოსო ჭაღალიძის თანადგომით გამართა.
– მეც ჭვანის ხეობის მკვიდრი ვარ, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, – ბოლო წლებში მრავალი საინტერესო და შესანიშნავი ღონისძიების მომსწრე ვარ. ეს გამორჩეული იყო. ნოდარ კილაძემ პედაგოგებს, თანაკლასელებს მადლობის ბარათები, მონაწილეებს – სამახსოვრო საჩუქრები გადმოგვცა. საინტერესო იყო 80 წელს მიტანებული ადამიანების მოსმენა, მათთან გატარებული რამდენიმე საათი.

– 1964-1965 სასწავლო წელს შუახევში მხოლოდ 19-მდე საშუალო სკოლა იყო. ამჟამად 43 საჯარო და 1 საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლა გვაქვს. მარტო ჭვანის ხეობაში 10 სკოლაა საშუალო სკოლის სტატუსით. ჭვანის საჯარო სკოლა გამორჩეული იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. არც ისაა შემთხვევითი, რომ ამ სკოლის დირექტორს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მივანიჭეთ. 1964-1965 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა სასიამოვნო იყო. კმაყოფილმა დავტოვე საიუბილეო საღამო, – თქვა შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ.
საიუბილეო სუფრის თამადობა სკოლის დირექტორ ლევან კილაძეს ანდეს. ჭვანური ცოლიკაურის ნაჟურმა ყველა ხასიათზე მოიყვანა, მოგონებებს, დასასრული არ უჩანდა.
– სკოლას რომ ვემშვიდობებოდით, რუსუდან ფუტკარაძემ უბის წიგნაკი მაჩუქა წარწერით:
„იყავ მართალი და გულალალი,
სიდინჯე ბედის ღვიძლი შვილია,
მჩატე თავთავი თავს მაღლა იწევს,
მწიფე ყოველთვის თავდახრილია“.
დღემდე სათუთად ვინახავ მას. მადლობის ბარათის ბოლო გვერდზე ჭვანის სკოლის ფოტოს სწორედ ეს სიტყვები წავაწერეთ. მადლობა თქვენი გაზეთის რედაქციას, რომ ჩვენს ღონისძიებას გამოეხმაურეთ, – გვითხრა საიუბილეო საღამოს დასასრულს ნოდარ კილაძემ.
ოთარ ცინარიძე