
`ჩვენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვით~
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვე დარჩა. პროცესები დინამიკურად და საინტერესოდ ვითარდება, მნიშვნელოვანი გადაადგილებებია როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციურ ფლანგზე, მთავრობაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა, ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები მატულობს, ხოლო მმართველი პარტია, პრაქტიკულად, შეუდგა არჩევნებისთვის მზადებას. როგორც ცნობილია, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ აღიარებს არსებულ ხელისუფლებას და აღნიშნავს, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება „ქართული ოცნება“ და ოპოზიციის ნაწილს დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს. როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები და რამდენად მოსალოდნელია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გორგილაძე.
– უმთავრესად რა მოვლენებზე გაამახვილებდით ყურადღებას?
– ყურადღებას, იმ მოვლენებზე შევაჩერებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და ასევე პოლიტიკურ პარტიებს აწუხებს, კერძოდ, ე. წ. ხელისუფლება მიგვაქანებს ჩრდილოეთისკენ, ცდილობს, დაგვაშოროს ევროპულ ოჯახს, სადაც რეალურად არის ჩვენი ადგილი.
– სხვათა შორის, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას თანმიმდევრულად ცდილობს. . .
– ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრ რამეს ამბობენ. ისინი, როგორც ყოველთვის, იტყუებიან, მათი საქმეები საპირისპიროზე მეტყველებს. . . აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპული არჩევანი დავიცვათ. დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა შედეგს გამოიღებს და მივაღწევთ ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმჯობესი და აუცილებელია.
– მნიშვნელოვან თემას შეეხეთ, რამდენად თანმიმდევრულია ოპოზიციის ქმედებები სხვა საკითხებთან მიმართებით?
– კითხვა სწორადაა დასმული. საერთოდ, თანმიმდევრულობა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოლიტიკაში, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში ავტორიტარიზმი ჩამოყალიბებულია და ხელისუფლება დიქტატურისკენ მიგვაქანებს. ცხადია, თანმიმდევრულობა მოგვეთხოვება ყველას. მნიშვნელოვანი იყო თანმიმდევრულობა ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხში, კერძოდ, რომ არ ვთანამშრომლობთ მასთან. ამ მხრივ როგორი სურათია? მანდატებზე ვთქვით უარი, სიები ჩავხსენით, ასევე, უარი ვთქვით დაფინანსებაზე, არ მივიღეთ პარლამენტში შექმნილ კომისიაში მონაწილეობა, არც გირაო გადაგვიხდია (ნაწილმა გადაიხადა, ეს მათი უფლებაა). ჩვენი კოალიციის სამი ლიდერი (ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია) ხელისუფლებასთან კომპრომისზე არ წავიდა და ციხეშია. ამ მიმართებით ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვიყავით. საერთოდ, გამარჯვება რომ ბოლომდე მივიყვანოთ, ეს თანმიმდევრულობა უნდა შევინარჩუნოთ, ხელისუფლებასთან ართანამშრომლობის რეჟიმი უნდა გაგრძელდეს, თვითმმართველობის არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ „ქართული ოცნება“ მარტო დავტოვოთ საკუთარ თავთან. მგონი, ეს სტრატეგია გამარჯვების მომტანია.
– პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობის გამო პოლიტიკოსების დაკავება გრძელდება, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– ეს კომისია ეგრეთ წოდებულია, რადგან პარლამენტი არალეგიტიმურია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება ერთი ადამიანის ამბიციების დაკმაყოფილებას. რა თქმა უნდა, სწორი სტრატეგიაა, პოლიტიკოსები რომ არ თანამშრომლობენ ამ კომისიასთან. კარგად უნდა გვესმოდეს პოლიტიკურ ლიდერებს და, ასევე, ვინც წინა ხაზზე ვართ, რომ ავტორიტარული რეჟიმი როცა მიდის დიქტატურის ჩამოყალიბებისკენ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათთან არ ვითანამშრომლოთ და საკუთარ თავთან მარტო დავტოვოთ. მესმის, რთულია ოჯახს ჩამოშორდე, მცირეწლოვანი შვილები სახლში მარტო დატოვო და წახვიდე ციხეში. მსგავს რეჟიმებთან ბრძოლა, როგორც აღვნიშნე, საკანთან ასოცირდება. . . იმ ამომრჩეველს, ვინც გვისვამს კითხვას – რას ვაკეთებთ, ასე ვუპასუხებ: არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან, რომელიც ვნებს ქვეყანას. გრძელვადიანია ეს ბრძოლა, თუმცა გრძელვადიანი ბრძოლებიც, საბოლოო ჯამში, ფინიშისკენ მიდის. გამორიცხულია, რომ ამ რუსულმა რეჟიმმა საბოლოოდ ფეხი მოიკიდოს, იმიტომ, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანი გახლავთ სწრაფვა ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ და არა – რუსეთისკენ.
– მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულმა (დაკავებულმა) პოლიტიკოსებმა კანონი დაარღვიეს და ამ მხრივ შერჩევით სამართლზე საუბარი უადგილოა. . .
– მმართველი გუნდი რას იტყვის, ერთია, თუმცა შეფასებით ნაწილში მნიშვნელოვანია, რას ამბობს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებზე მხარი არა „ქართულ ოცნებას“, არამედ პროდასავლურ ოპოზიციას დაუჭირა, მაგრამ მმართველმა გუნდმა გააყალბა არჩევნები. ამიტომ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ამ ე. წ. ხელისუფლებასთან, რომელიც მომავალს გვართმევს. უკვე საშიში ხდება ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება, მით უმეტეს, იმ პოლიტიკოსებისთვის თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც წინა ხაზზე დგანან. მათ სახლებში უვარდებიან. მოკლედ, პოლიტიკური ლიდერებისგან სწორი გადაწყვეტილებაა ართანამშრომლობა ე. წ. წულუკიანის კომისიასთან.
– მინდა გკითხოთ საპროტესტო აქციებზე, ხომ არ მინავლდა მუხტი?
– პროტესტი, რეალურად, არ შეჩერებულა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, როცა გრძელვადიანია. არჩევნების შემდეგ, პირველ სამ თვეში, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ასე, ცხადია, დიდხანს ვერ გაგრძელდება, ორას დღეზე მეტია, მიმდინარეობს პროტესტი. ვინც ფიქრობდა, რომ ეს ბრძოლა ერთ თვეში დასრულდებოდა, ცოტა ნიჰილიზმს მიეცნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ისინი დანებებას არ აპირებენ, ერთმანეთს ენაცვლებიან. ორასი დღის განმავლობაში რომ რუსთაველის პროსპექტი იკეტება, ეს პრეცედენტია, ისტორია დაიწერა ამ პროტესტისა ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში და, რა თქმა უნდა, თბილისში. მოკლედ, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს პროტესტი, შევინარჩუნოთ ეს მუხტი. მმართველ პარტიას დასავლეთში ხელს არავინ ართმევს, თუ არ ჩავთვლით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს. სწორედ ეს არის შიდა პროტესტის დამსახურება.
– სხვათა შორის, ანალიტიკოსმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ საზოგადოების დაკვეთა ვერ შეასრულა. . .
– პასუხისმგებლობას, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კოალიციის წევრი, არ გავურბივარ. უკეთესის მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო. სად რა დავაკელით? შეგვიძლია ვიკამათოთ. როგორც ვთქვი, ყველა სიკეთეზე უარი ვთქვით (პარლამენტარობა, დაფინანსება და ა. შ.), რასაც არ ვნანობთ. ე. წ. საგამოძიებო კომისია შექმნა ივანიშვილმა და მასთან არ ვითანამშრომლეთ, პოლიტიკურმა ლიდერებმა გირაო არ გადაიხადეს, ციხეში წავიდნენ, ოჯახებს გამოემშვიდობნენ და ოთხ კედელში გამოიკეტნენ. ეს ამძაფრებს დასავლეთის წნეხს, რასაც ველოდით კიდეც. შეიძლება, ჩვენ რაღაც ტაქტიკური შეცდომა დავუშვით, მაგრამ კომპრომისზე არ წავედით, ბრძოლაში ვართ ჩართულნი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ამ ყველაფერზე დასავლელ ლიდერებს ვესაუბრებით, ამიტომ ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, ეს ბრძოლა არ დასრულებულა. მსგავსი განცხადებები ნიჰილიზმს უფრო უწყობს ხელს, ნიჰილიზმს კი არ უნდა შევუწყოთ ხელი, პირიქით, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, რომ ის შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
– დღეს ოპოზიციაში დავის მთავარი საგანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაა. . .
– დიდი ხანია გაცხადებული პოზიცია გვაქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის მმართველი პარტიისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება. თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვინმე განიხილავს, მაშინ რატომ თქვეს უარი მანდატებზე, დაფინანსებაზე, რატომ ჩახსნეს სიები, ამდენი ხანი რატომ დგანან ქუჩაში? ეს კითხვები ჩნდება. თან, გვახსოვს შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც მმართველმა პარტიამ დაარღვია. ყველაფერი გვახსოვს, მით უმეტეს, რაც 2024 წლის არჩევნებზე მოხდა – გაუარესდა პოლიტიკური გარემო, პოლიტპატიმრები გვყავს, საარჩევნო კოდექსში ანტიდემოკრატიული ცვლილებები შეაქვთ, არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობას, რეალურად, აღარ გვაძლევენ, მოკლედ, გაუარესებელია ქვეყანაში სიტუაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი კოალიციისთვის მიუღებელია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და მოვუწოდებთ სხვებსაც, არ ვითანამშრომლოთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან.
– თუ თვითმმართველობის არჩევნებში გახარიას პარტიამ და „ლელომ“ მიიღეს მონაწილეობა, ეს რისი მანიშნებელი იქნება?
– ამ კითხვას ამ ეტაპზე არ ვუპასუხებ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არ ვიცით, რომელი პარტია მიიღებს და რომელი – არა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ არ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და არ ითანამშრომლებენ მმართველ ძალასთან.
– სხვა საკითხსაც შევეხოთ, როგორ დაახასიათებდით კოლექტიური დასავლეთის და საქართველოს ურთიერთობას?
– დასავლეთის და საქართველოს ურთიერთობაში არ უნდა ვიგულისხმოთ არსებული ე. წ. ხელისუფლება. ყველა კარგად ვხედავთ, რომ დასავლეთის არცერთი ლიდერი არ ჩანს (არ ვგულისხმობ ორბანს), რომელიც მმართველ გუნდს დაელაპარაკება, რადგან მათ იძალადეს მოსახლეობაზე, გააყალბეს არჩევნები. სადღაც, შეხვედრაზე, თუ აღმოჩნდებიან დასავლელ ლიდერებთან ერთად, ისინი კადრს უკან არიან, თუმცა მმართველი პარტიის პროპაგანდა ცდილობს სურათის თავის სასარგებლოდ წარმოჩენას. ახლა რაც შეეხება საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობას, ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციები მატულობს მმართველი გუნდის მიმართ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უფრო მეტია საჭირო. ამისათვის ვმუშაობთ. მართალია, ჩვენი ლიდერები გამოკეტილები არიან ციხეში, მაგრამ ჩვენი პარტია მრავალრიცხოვანია და ვაგრძელებთ ბრძოლას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე დასავლეთში. საქართველო მიტოვებული არ არის დასავლეთისგან, პირიქით – დარწმუნებული ვარ, შიდა პროტესტის წნეხი გაიზრდება და ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა.
– პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– სამწუხაროდ, დღეს ლოგიკურია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. რატომ? იმიტომ, რომ როცა ხელისუფლება მიტაცებულია, როცა ქვეყანაში დიქტატურა მყარდება, არჩევნები აღარ ტარდება, სასამართლო აღარ არსებობს, განსხვავებული აზრი იდევნება, ცხადია, ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერება ევროკავშირის მხრიდან ადეკვატური ქმედება იქნება.
– სხვათა შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლონეთის პრემიერის ზემოაღნიშნული ინიციატივა მტრულია. . .
– ირაკლი კობახიძე კიდევ ბევრ რამეს იტყვის. დასავლეთი საქართველოსადმი კეთილადაა განწყობილი, დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ უმტკივნეულოდ გადაწყდება ვიზალიბერალიზაციის საკითხი და „ქართული ოცნებაც“ დათმობს მართვის სადავეებს.
– დაბოლოს, უახლოეს მომავალში ქვეყანაში პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?
– ორას დღეზე მეტია, მიმდინარეობს პროტესტი. ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს არ უჭერს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შესაძლებელია. ჩვენი არჩევანი არის ევროპული კურსი, ამიტომაც მნიშვნელოვანია, არ ვითანამშრომლოთ ამ ხელისუფლებასთან. ეს განწყობა უნდა გაგრძელდეს, თვითმმართველობის არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, უნდა ვიზრუნოთ, რომ განსხვავებულმა აზრმა იცოცხლოს ქვეყანაში, სასამართლო დაბრუნდეს ანუ იყოს თავისუფალი ხელისუფლების წნეხისგან, არჩევანის უფლება მიეცეს ყველა მოქალაქეს და ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბება დასრულდეს. მოკლედ, პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ არჩევნების გაყალბებას მოსახლეობა მათ არ აპატიებს, ამიტომ ვფიქრობ, მარტო დარჩენილი მმართველი პარტია ახლო მომავალში უკან დაიხევს, რაც ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება და მომავალ თაობას ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა აღარ მოუწევს. ჩვენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვით.
ლაშა ხომერიკი