18 C ბათუმი
Tuesday 24th June 2025
საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს ბათუმმა უმასპინძლა
By

საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს ბათუმმა უმასპინძლა

 

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიადის დღეა. ამასთან დაკავშირებით ბათუმში  მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. საქართველო წელს  პირველად ბათუმიდან შეუერთდა ამ დღეს, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და მასში მონაწილეობას მილიონობით ადამიანი იღებს. ამ დიდ ოჯახში საქართველო ერთ-ერთი წარმატებულია – ჩვენს ქვეყანას არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს.

– ღონისძიების მონაწილეები ბათუმში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. ისინი სპორტის რამდენიმე სახეობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, მათ შორის, ქვიშის ჭიდაობაში, ჭადრაკში, კანოეში, ფრენბურთში, ხელბურთში, ფეხბურთში, მინი-ფეხბურთში, ქვიშის რაგბში, კარატეში, ველოსპორტში. მთავარი ღონისძიება – მასობრივი გარბენი, ბათუმის ბულვარში ჩატარდა. 2500 მეტრი მანძილის დასაფარად აქ 2000-მდე მოყვარული სპორტსმენი, მათ შორის, ქალაქის სტუმრებიც მოვიდნენ. ყველა მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური სერტიფიკატი, მაისურები, ოლიმპიური კეპები , – გვითხრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის  აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აჭარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯონი ცივაძემ.

დაჯილდოების ცერემონიაზე, შეკრებილთ მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა. მან თანადგომისთვის ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას და აღნიშნა, რომ ეს იყო ოლიმპიური ფესტივალის რეპეტიცია, რომელსაც მომავალ წელს სწორედ ბათუმი უმასპინძლებს.

მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ, საქართველოს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი დოლაბერიძემ.

საერთაშორისო ოლიმპიური დღე ბათუმში შესანიშნავად ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  ჩვენი ქალაქი ნამდვილად იმსახურებს სპორტის დედაქალაქის წოდებას.
მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *