19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
ნატალია ზოიძე: დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის დინებას დაუბრუნდება, ისტორიას კი, სამწუხაროდ, ცუდი მაგალითები შემორჩება
By

ნატალია ზოიძე: დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის დინებას დაუბრუნდება, ისტორიას კი, სამწუხაროდ, ცუდი მაგალითები შემორჩება

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული საბჭოს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე წარადგინეს. იგი ჩვენი სტუმარია და ქალთა როლზე პოლიტიკაში, ორგანიზაციის მიზნებსა და გეგმებზე გვესაუბრება.

– ქალბატონო ნატალია, როდის იქმნა ეს ორგანიზაცია და რა არის მისი ქმნის მიზანი?

– „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 14 მაისს დაფუძნდა პარტიის ქალთა ორგანიზაცია. პარალელურად, შეიქმნა აჭარის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის აჭარის რეგიონული საბჭო, რომელიც თავმჯდომარით, სამი მოადგილითა და 19 წევრით დაკომპლექტდა. წევრებს შორის განაწილდა მიმართულებები. ესენია: განათლება, კულტურა და სპორტი; ეკონომიკური გაძლიერება; ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა; ოჯახების გაძლიერების პოლიტიკა; სამოქალაქო განათლება, მეცნიერება; ქალთა უფლებები, ლიდერ ქალთა ჩართულობა, ქალების დასაქმების ხელშეწყობა; ახალგაზრდული მიმართულება და სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების პოლიტიკა.

ორგანიზაციის შექმნის მიზანი პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართვა, მათი გაძლიერებაა. სტატისტიკის თანახმად, 4%-ით მეტია ქალი ამომრჩეველი საქართველოში, ვიდრე მამაკაცი.

აჭარის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარედ თქვენი არჩევა რამ განაპირობა?

– ორგანიზაცია სამი წელია, რაც დაფუძნდა. ამ ხნის განმავლობაში მას ქალბატონი თინათინ ზოიძე ედგა სათავეში. ამ პერიოდში საბჭო საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტში როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით. მე და ბევრი ჩემი თანამოაზრე წლებია მოვდივართ ერთად და ნებისმიერი მათგანი იმსახურებდა ქალთა ორგანიზაციის აჭარის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეობას. ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ შესაძლებელია, არჩევანი გაკეთდა გამოცდილების, მოსახლეობის მხარდაჭერისა და სხვა თვისებების გამო. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო სიახლე და გამოწვევა იყო. მადლობას ვუხდი ამ ნდობისთვის საქართველოს ქალთა ორგანიზაციას. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ისედაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესებში და ვცდილობდი, ქალების ადგილი ყოფილიყო გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში. დღეს, როცა მსოფლიო მოცემულობა არის განსხვავებული, პოლიტიკოსობა ნამდვილად არ არის იოლი. ქალი პოლიტიკოსის როლი კიდევ უფრო გართულებულია, მას სჭირდება მეტი მტკიცებულება და არგუმენტი, რათა უფრო ჰუმანური და სოციალური გახადოს გარემო.

რამდენი ქალია გაწევრიანებული ორგანიზაციაში და ამართლებს თუ არა თავის მიზანს?

– როგორც უკვე ვთქვი, ორგანიზაცია სამი წელია, რაც დაფუძნდა და ქვეყნის მასშტაბით ასობით ქალი გაწევრიანდა ჩვენს რიგებში. ეს მუდმივად მზარდი პროცესია და ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით. ბოლო დროს, ძალიან ბევრმა მოგვმართა გაწევრიანების სურვილით და საგრძნობლად გაიზარდა წევრთა რაოდენობა. პარტიული სიით წევრების ზრდის პარალელურად, იზრდებოდა პარტიის ქალ წარმომადგენელთა რიცხვიც, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც პარტიულ საქმიანობაში, ისე ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ სხვადასხვა კამპანიაში. მათგან გამოვყოფდი „ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა“ და „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში უფასო სკრინინგის პროგრამას. განათლება და სოციალური მიმართულებებიც ასევე პრიორიტეტულია ჩვენთვის. ორგანიზაცია აქტიურად აღნიშნავს სხვადასხვა კალენდარულ დღესასწაულს, რითაც ქალებს ვახსენებთ, რამდენად აუცილებელია მათი ჩართულობა ისეთ პროცესებში, როგორიცაა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებითა და ქვეპროგრამებით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ამ ყველაფერში გვეხმარებოდა ორგანიზაციის წევრ ქალებთან შეხვედრები და მათი აქტიური მხარდაჭერა. სწორედ ისინი გვაწვდიან იდეებს, საჭიროებებს და შემდეგ ხდება მათი გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით. მუშაობის პროცესში გამოიკვეთება პრიორიტეტები, რომლებსაც შემდგომ ავსახავთ ბიუჯეტით გათვალისწინებულ მუნიციპალურ პროგრამებში.

თქვენ გეგმებზეც გვითხარით.

– ეს არ არის გუშინ თუ გუშინწინ დაწყებული პროცესი, ორგანიზაციის მუშაობაში ჩართული ვარ წლებია და, ბუნებრივია, მაქვს გეგმებიც. ამ პერიოდში ყოველთვიურად წარმოვაჩენდი ინიციატივებს, რომლებსაც შემდგომ ერთობლივად ვახორციელებდით. ქალთა ორგანიზაციას აღებული აქვს მიმართულებები, რომლებსაც ვკურირებთ და ახალ სამოქმედო გეგმასაც უახლოეს პერიოდში შევადგენთ.

– როგორია ქალთა როლი პოლიტიკაში?

– შეუფასებელია ქალების როლი საქართველოში. ამომრჩეველთა 52% ქალია და მიმაჩნია, რომ მათი ხმა აუცილებლად უნდა იყოს მოსმენილი, სწორად აღქმული და მათზე რეაგირება – დაგეგმილი. არჩევნების პერიოდში ყველაზე დიდი დატვირთვა აქვთ ქალებს. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი საორგანიზაციო საკითხებში და პასუხისმგებლობით უდგებიან დაკისრებულ მოვალეობას. ბუნებრივია, მათ გამოცდილებაც საკმაოდ დაუგროვდათ იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში საკუთარი სიტყვა თქვან და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. მეტი ქალი უნდა იყოს დღეს პოლიტიკაში. კვლევებითაა დადგენილი, რომ ლიდერი ქალის სტილი ადამიანზეა ორიენტირებული და უფრო წახალისებასა და დაჯილდოებას ეფუძნება. გარდა ამისა, მმართველი ან ლიდერი ქალის ტიპი გაცილებით დემოკრატიულია. შესაბამისად, რაც მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, მით უფრო დემოკრატიული და ადამიანებზე ორიენტირებული მმართველობა იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცები ნაკლებად დემოკრატიულები არიან, უბრალოდ, ქალში ეს ბუნებრივად დევს, რაც დააბალანსებს ამ პროცესს.

რამდენად რეალიზებულია ქალების შესაძლებლობები ამ მიმართულებით?

– 2014 წლიდან დღემდე, საკმაოდ აქტიური ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი პოლიტიკაში, რაც საკანონმდებლო ცვლილებებითაც გამოიკვეთა. ჯერ იყო წახალისების მეთოდით ქალების კვოტირების განსაზღვრა, რასაც შემდეგ მოჰყვა პირდაპირ კვოტირების ვალდებულება. მუნიციპალიტეტების დონეზე რეგლამენტში შევიდა ცვლილება და დაემატა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოები, სადაც საზოგადოების ორივე სქესის წარმომადგენლის ყველაზე აქტუალურ საჭიროებებს წარმოაჩენდნენ. ბოლო პერიოდში კანონებში ბევრი ცვლილება შევიდა. კვოტირების თემა თავის დროზე იყო დროებითი მექანიზმი. ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დღის წესრიგში დაყენებულ ინიციატივასაც მხარი დაუჭირეს და გაუქმდა ეს დროებითი მექანიზმი, რაც, ბუნებრივია, იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ შეზღუდოს ქალთა წარმომადგენლობა თავის პარტიულ სიებში ან პოლიტიკურ აქტივობებში. ვფიქრობ, საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქალებს საკმაოდ შეეწყო ხელი და მათი დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი პოლიტიკურ ველზე. ისინი უნდა გახდნენ მაგალითი სხვა ქალებისთვის, რომ მათაც არ დასჭირდეთ იძულებითი მექანიზმები პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად. სადაც ქალია, უფრო ჰუმანური და სოციალურია საზოგადოება, უფრო მეტად არის დემოკრატია და ა. შ. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ქალი ცუდი მაგალითია სხვებისთვის. ადამიანმა ეთიკის ნორმები არ უნდა დაარღვიოს და ცუდად არ უნდა წარმოაჩინოს თავი. მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ უნდა გამოიყენო, დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის დინებას დაუბრუნდება, ისტორიას კი, სამწუხაროდ, ცუდი მაგალითები შემორჩება.

მანანა ტაკიძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *