
გიორგი გახარიას დღეს საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას დღეს საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ. იგი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე განმეორებით გამოსაკითხად არის დაბარებული.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას გამოკითხვა 16:00 საათზე დაიწყება.
როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ექნება ვალდებულება, „ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე არ გათიშოს ჩართვა“.
გიორგი გახარიას გამოკითხვამდე, კომისიის წევრების შეკითხვებს, ხელმეორედ უპასუხებენ თორნიკე გერლიანი და იმედა მაისურაძე, ასევე, გენერალი მამია ბალახაძე.
დღის წესრიგის მიხედვით, სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 09:30 საათზე დაიწყო და 19:00 საათამდე უნდა გაგრძელდეს.
სხდომაზე ასევე განიხილავენ 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს.