
16 ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, ბათუმის იუსტიციის სახლში, 16 ეკომიგრანტ ოჯახს მათ მიერ შერჩეული უსაფრთხო საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა.
სტიქიით დაზარალებულებმა სახლი, ბინა, მშენებარე ფართი სამინისტროს თანადაფინანსებით შეიძინეს, თითოეულ ოჯახს გამოეყო 50 000 ლარი. ოჯახებს ახალი საცხოვრისის შეძენა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძემ მიულოცა.
– „აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა გრძელდება. წელს უკვე 95-მა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი ფართის შეძენა, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 150-მდე გაიზრდება. პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა, წლიდან წლამდე ინერგება სიახლეები, რათა დაზარალებულ ოჯახებს მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. წელს პროგრამისთვის გათვალისწინებულია 7 740 000 ლარი,“ – განაცხადა ედუარდ ნაკაშიძემ. 2025 წელს განხორციელებული სიახლის თანახმად, ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, პროგრამით გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, ააშენოს საცხოვრებელი სახლი. შარშან, ეკომიგრანტ ოჯახებს მშენებარე კორპუსში საცხოვრებლად ვარგისი ფართის შესყიდვის საშუალება მიეცათ.
,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა და ჯამში 954 საცხოვრებელი ფართია შეძენილი.
გალერეა

