19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
შიმშილობის პოლიტიკური განაცხადი და ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება
By

შიმშილობის პოლიტიკური განაცხადი და ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა -არმონაწილეობა კვლავ განხილვის თემაა ოპოზიციურ სპექტრში, თუმცა აღნიშნულზე მსჯელობა უკვე ახალ ფაზაში გადავიდა. 27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ რევოლუციური მოწოდებებით შიმშილობა დაიწყო.
„რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
როგორც აღმოჩნდა, ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტაც შეეძლო, ოღონდ ერთი პირობით, თუ ოპოზიცია შეთანხმდებოდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. შეიძლება ითქვას, ხოშტარიას ჯანმრთელობის საკითხი „ქართული ოცნების“ გარდა მის მიერ დანამუსებულ კოლეგებზეც იყო დამოკიდებული.
„თუ ეს სიცხადე ჩამოყალიბდება, თუ პრინციპულად შევთანხმდებით ნულოვან ართანამშრომლობაზე, არშეგუებაზე, არაღიარებაზე – მაშინ ჩემი ენერგია ამ ბრძოლას მოხმარდება,“ -აღნიშნა ხოშტარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში. მის პროტესტს მალევე შეუერთდა თანაგუნდელი გედევან ფოფხაძე, რომლის აზრითაც „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ფორმით თანამშრომლობა არ შეიძლება. მოშიმშილეები მოინახულა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, რომელსაც მმართველი გუნდი ხშირად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის აკრიტიკებს. გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მოშიმშილეების ნახვით მან ადამიანური ემპათია გამოიჩინა. ფიშერი აღნიშნავდა, რომ მენტალიტეტი – „თუ ჩვენს მხარეს არ ხარ, მტერი ხარ“ დემოკრატიას ეწინააღმდეგება და ევროკავშირში გაწევრიანებას ილუზიად აქცევს.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელის აზრითაც გერმანიის ელჩი მოშიმშილეებთან მხოლოდ ემპათიის გამოსახატავად მივიდა და მათთვის არ უთხოვია შიმშილობის შეწყვეტა.
„გერმანიის ელჩმა, სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობისას, დაადასტურა, რომ მას ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატავად მივიდა. თუ მას ფორმის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დაზიანების მუქარით სხვის იძულებას ცდილობს, ეს მორალური კატასტროფაა. განა მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღი აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო? თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით, ამაში არც არაფერია გასაკვირი“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.

ამასობაში ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ 2-დღიანი შიმშილობა 8 ოპოზიციური პარტიის განცხადების ფონზე შეწყვიტეს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. მათ მიაჩნიათ, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს. განცხადებას უერთდებიან: „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“ „თავისუფლების მოედანი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ახალი“ და „ფედერალისტები“.

რაც შეეხება „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, საკუთარი პოზიციის გადახედვას არ აპირებენ და კვლავაც მიაჩნიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა სწორი ნაბიჯია.
საბოლოოდ რა გამოვიდა? პარტიები, რომლებსაც

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ისედაც ჰქონდათ ნათქვამი, რაზე შეთანხმდნენ? იმავე არჩევნებში არმონაწილეობაზე? ეს ხომ ისედაც ვიცოდით.
გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ ჯობდა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შიმშილობა არც დაეწყოთ, რადგან ამით არაფერი შეცვლილა.
„კარგია, რომ შეწყვიტეს, ჯობდა, არც დაეწყოთ, რადგან როდესაც ირჩევ პროტესტის ასეთ მძაფრ ფორმას, რასაც ჰქვია საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ბრძოლა ვიღაცის წინააღმდეგ და ეს ვიღაცა ამ შემთხვევაში ოპოზიციაა, ეს ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ.
8 ოპოზიციური პარტიის განცხადებას აფასებენ „ლელოშიც“ და აღნიშნავენ, რომ მათ განცხადებაში ახალი არაფერია.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ ბოიკოტის მომხრე და ეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ. ასე რომ, ახალი არაფერი მოგვისმენია. მე ვფიქრობ, შესაძლებელია, საქართველოს ოპოზიცია უშვებდეს შეცდომას დღეს იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მათ ერთობლივად დააანონსეს. თუმცა, ეს არის მათი არჩევანი. მე შემიძლია, მხოლოდ ის ვთქვა, რომ პატივს ვცემთ მათ არჩევანს. რაც შეეხება „ლელო – ძლიერ საქართველოს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა“,- განაცხადა მედიასთან საუბარში „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

სახელისუფლო პარტიაში კი ოპოზიციონერების ოპოზიციის წინააღმდეგ შიმშილობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ოპონენტები ელოდებიან უცხოელი მხარდამჭერების მითითებებს.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხოშტარიას ულტიმატუმი ოპოზიციაში კონფლიქტის დასტურია.

„მოშიმშილეების გადაწყვეტილება ოპოზიციაში არსებული მდგომარეობის დასტურია. მინდა, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა ვუსურვო. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში დაპირისპირებაა. არიან ისეთი პოლიტიკური ფიგურები, რომელთა ერთობა წარმოუდგენელია, შეუძლებელია,“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში კახა კალაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის არსი გაშარჟებულია უცხოეთის დაკვეთების შესრულებით.
„გაშარჟებულია საერთოდ ოპოზიციის არსი, იმ ოპოზიციის, რომელიც ქუჩაში არის. პირველად მსოფლიო პროტესტის ისტორიაში, ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციას. ამ დონეზე დაიყვანა უცხოთა მორჩილებამ ეს ხალხი, რომელიც ვერც კი აცნობიერებს, რა საზოგადოებაში ცხოვრობს, რა ისტორია, კულტურა და ეთიკა აქვს ამ საზოგადოებას და რა მორალის მატარებელია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ფაქტია, ოპოზიციაში აშკარა ქაოსია, სადაც კონკრეტული პარტიები სხვა, ერთ დროს მათივე თანამებრძოლებს ებრძვიან. ამ აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, ჯერჯერობით ოპოზიციის ერთობა უპერსპექტივოა.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტია, ამასთან, მასშტაბურიც. საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის თვალსაზრისით – 62 მუნიციპალიტეტი ცალ-ცალკე ირჩევს მერებსა და საკრებულოს წევრებს.

თამარ ლამპარაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *