19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
ხელოვნების მუზეუმის გალერეა აზერბაიჯანელი მხატვრის ნამუშევრებს მასპინძლობს
By

ხელოვნების მუზეუმის გალერეა აზერბაიჯანელი მხატვრის ნამუშევრებს მასპინძლობს

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, საერთაშორისო გამოფენების ციკლის ფარგლებში, აზერბაიჯანელი მხატვრის ორჰან მამედოვის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ორჰან მამედოვი – „YAMA-ART“-ის მხატვარი, 1978 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიბადა. ხელოვნების სამყაროში მისი გზა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ტრადიციული აკადემიური წარსულიდან დაწყებული, მან საბოლოოდ შეიმუშავა თავისი უნიკალური სტილი – „YAMA-ART“-ი, ზეთის საღებავებისა და ქსოვილების სინთეზით.
ზეთისა და ტილოს გარდა, მხატვარმა გამოიყენა შერეული მედიის ელემენტები: ძაფები და თოკები, რაც მისი ატრიბუტი და შთაგონების წყარო გახდა ხელოვნებაში თავისი მხატვრული ხედვის გამოსახატად.
ამ ახალი სტილით განაგრძო ხელოვანმა შემოქმედებითი საქმიანობა, რამაც ხელი შეუწყო მისი კოლექციის გამდიდრებას ისეთი ნამუშევრებით, როგორებიცაა „ჩემი ოცნება“, „პორტრეტი“ და სხვ.
ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე მამედოვის ნამუშევრებმა პოპულარობა მოიპოვა და მსოფლიოს მასშტაბით კერძო კოლექციებში იპოვა ადგილი.
ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გამოფენილ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია კონცეპტუალური ხასიათის სიუჟეტური კომპოზიციები, რომლებიც სიბრტყობრივ-დეკორატიული მანერით, ფერადოვნებითა და საინტერესო ფაქტურული მიგნებებით გამოირჩევა.

– ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, ჩემი ნამუშევრებით ქართველი დამთვალიერებლის ყურადღებას დავიმსახურებ. მადლობას ვუხდი აჭარის მუზეუმს გამოფენის ორგანიზებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბათუმში ვიმყოფები. ეს კუთხე, ალბათ, ყველა ხელოვანს აღაფრთოვანებს, – აღნიშნა ორჰან მამედოვმა.

 „აჭარის მუზეუმის“ გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ წარმატებები უსურვა მხატვარს და აღნიშნა, რომ ბათუმისთვის, როგორც ტურისტული ქალაქისთვის, მნიშვნელოვანია მუზეუმები და იქ განხორციელებული თითოეული საერთაშორისო პროექტი.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივლისი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *