19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
2 ივლისი სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეა
By

2 ივლისი სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეა

მსოფლიოში ეს თარიღი 1920 წლიდან აღინიშნება, ტრადიციას კი საფუძველი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართული ოლიმპიური თამაშების დროს ჩაეყარა. შემდეგ, რამდენიმე დღეში, სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაცია დაარსდა, რომელიც არაერთი ქვეყნის სპორტული ჟურნალისტების გამაერთიანებელ ორგანიზაციად გადაიქცა.

რაც შეეხება საქართველოს, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე ჩვენთან 2010 წლიდან აღინიშნება, თუმცა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია (სსჟა) გაცილებით ადრე – 1991 წლის 19 აპრილს დაფუძნდა და იგი სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაში ზუსტად ერთი წლის შემდეგ გაწევრიანდა.

თუმცა სპორტული თემა ქართველი ჟურნალისტებისთვის ყოველთვის საინტერესო და პრიორიტეტული იყო. პირველი ქართული სპორტული ჟურნალი „შევარდენი“, ამავე სახელწოდების სპორტულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ 1918 წელს გამოსცა, ხოლო 1934 წელს სპორტული გაზეთი – „პირველი ფიზკულტურელი“ დაიბეჭდა, რომელსაც 1949 წელს სახელი შეეცვალა და იგი სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენლისთვის საყვარელი გაზეთი „ლელო“ გახლავთ. იგი დღესაც, საქართველოში გამომავალი საინტერესო საინფორმაციო საშუალებაა.

სპორტული ჟურნალისტიკა თავისთავად ძალიან საინტერესო მიმართულებაა. ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების, როგორც სპორტსმენის, ისე მწვრთნელის საქმიანობის წარმოჩენა, მათ გვერდით ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. განსაკუთრებით გვახარებს მათ წარმატებებზე წერა. თუმცა პრობლემებზე წერა, რა თქმა უნდა, აუცილებელია.

მიხარია, რომ სწორედ სპორტის სფეროში მუშაობამ გამაცნო და დამამეგობრა ისეთ ადამიანებთან, როგორებიცაა ჩვენი ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირაკლი თურმანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ლევან ჯიოშვილი, ბესარიონ ბასილია, ლევან ცინცაძე და მისი შეგირდები… ამას გარდა, სხვადასხვა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაზე ათობით სახელოვან სპორტსმენს შევხვდი.

რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ უკვე 20 წელზე მეტია, წლის საუკეთესო სპორტულ ჟურნალისტად მასახელებენ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ 2022 წელს ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საიუბილეო მედლით დამაჯილდოვა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ამჟამადაც არაერთი წარმატებული ჟურნალისტი ემსახურება სპორტულ ჟურნალისტიკას, მათ შორის, აჭარაში.

ვულოცავ ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს. კიდევ მრავალი წელი ეღვაწოთ ქვეყნის, ქართული სპორტის სასიკეთოდ.

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *