
რუსეთ-უკრაინის მძიმე მდგომარეობის შეჯამება
ანალიტიკოსმა გიორგი კობერიძემ რუსეთ-უკრაინის ომი შეაჯამა. მისი თქმით, სამხედრო კამპანიის თვალსაზრისით ივლისი გამორჩეულად აქტიური თვეა, მაგრამ ინიციატივა რუსების ნაცვლად უკრაინელთა ხელშია.
– აპრილის თვეში დაწყებული, მაისის თვეში სწრაფად განვითარებული რუსული იერიშები ივნისის ბოლოს ხორცსაკეპად გადაიქცა. სწორედ ამ ტერმინით შეფასდა რუსეთის მდგომარეობა ბრიტანელების მხრიდან სამხედრო მიმოხილვისას. რუსებმა სამთვიანი შეტევის შემდეგ სუმის ოლქში, მაქსიმუმ, 13 კილომეტრით შეიწიეს სიღრმეში, თუმცა დანაკარგები მათ რიგებში დაახლოებით 60%-ნია, ზოგჯერ 92%-საც კი აღწევს, რაც კატასტროფული შედეგია. რუსულმა არმიამ სოფელ იუნაივკამდე მიაღწია, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის საპირისპიროდ უკრაინელებმა ანდრიივკა გაათავისუფლეს და ახლა რამდენიმე დასახლების დაბრუნებას ცდილობენ.
გამორჩეულად გაიზარდა დეზერტირობის მაჩვენებელი რუსულ არმიაში. სასიკვდილო ამოცანაზე წასვლისთვის თავის არიდება ცოცხლად დამარხვით, ბაწარზე გამობმითა და თრევით ან დახვრეტით მთავრდება, ამას კი თავად იღებენ და აშუქებენ ხოლმე სხვების დასაშინებლად. დაღუპულთა რიცხვი მზარდია ჩრდილოეთკორეულ დანაყოფებშიც, რომელთა საჯარო დატირებაც კიმ ჩენ ინიმმა გუშინ განახორციელა. დანაკარგები მათ რიგებში, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, 6000-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსებმა სუმის ოლქზე შეტევა კურსკის ოლქის დაბრუნების შემდეგ წამოიწყეს. მაგრამ ახლა სიტუაცია არც აქ აქვთ სახარბიელო. უკრაინელებმა ისევ გადაკვეთეს რამდენიმე მიმართულებაზე რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და პერიფერიებში თავდასხმები განაახლეს. უკრაინული არტილერია და დრონები სუმის ოლქში შესულ რუსულ მომარაგების ხაზებსა და ცენტრალულ შტაბებს ურტყამს. ბოლო 72 საათი ამ მხრივ გამორჩეულად აქტიურობენ უკრაინელები. მათი მხრიდან საჰაერო იერიშები მიმდინარეობს კურსკის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებზე. დაიბომბა ოკუპირებული დონეცკიც და ლუგანსკიც. დონეცკის ოლქში ქალაქი იასინუვატას სამრეწველო ცენტრი განადგურდა. უკრაინელები იერიშისას როგორც თავისი წარმოების დრონებს უშვებენ, ასევე ბრიტანულ Storm Shadow-ებს. მოწინააღმდეგის ზურგში დარტყმები არა მხოლოდ არსებული შეტევების შენელებაზეა გათვლილი, არამედ პოტენციური კონტრშეტევის წინაპირობაც შეიძლება გახდეს.
სუმის ოლქზე განხორციელებული იერიში იყო თუ არა რუსების ზაფხულის ერთადერთი შეტევა, ამას რამდენიმე კვირაში ვიხილავთ, მაგრამ კრემლის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები, ამ შეტევასთან დაკავშირებით, მაღალი იმედების ქონაზე ნამდვილად მიანიშნებდა. ომის ერთ-ერთი უმთავრესი ფილოსოფოსი სუნ ძი ამბობს: როდესაც ომს პოლიტიკოსებ მართავენ, ის განწირულია დაღუპვისათვის, – აცხადებს გიორგი კობერიძე.