
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, 3 ივლისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ახალგაზრდებს, ამ მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან ეტაპზე, წარმატებები უსურვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები თქვენი მრავალწლიანი შრომის კულმინაციაა. მჯერა, ამ ეტაპს თითოეული თქვენგანი ღირსეულად, ცოდნისა და უნარების მაქსიმალური მობილიზებით შეხვდება.
ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება. ამიტომ თქვენი ყოველი ნაბიჯი წინ, პირადი განვითარებისკენ, ამავდროულად, საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისკენ გადადგმული ნაბიჯია.
გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.
აბიტურიენტებს ასევე წარმატება უსურვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, გჯეროდეთ საკუთარი თავის – თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე. ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტებს მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა გივი მიქანაძემაც.
„დღეს ათასობით აბიტურიენტისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რაც თითოეული მათგანის შრომისა და თავდადების შედეგია. ყველა თქვენგანს წარმატებას, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს გისურვებთ. მჯერა, ყველა გამოწვევას ღირსეულად დაძლევთ და შრომითა და მონდომებით თქვენთვის სასურველ პროფესიას დაეუფლებით.
ციფრულ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა უმთავრესია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ნიჭიერებით ახალ გამოწვევებს ფეხს ადვილად აუწყობთ.
გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი საკუთარ მომავალს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ქმნით. სწორედ ამიტომ, განათლების ყველა საფეხურზე ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ.
გისურვებთ, ყოველმა ახალმა დღემ დაგაახლოოთ თქვენს მიზნებთან და ოცნებებთან. არ შეგეშინდეთ გამოწვევების, იყავით გაბედულები, რადგან სწორედ გაბედულები ქმნიან ისტორიას,“- განაცხადა მინისტრმა.
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლაში რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
– ჩვენს რეგიონში 4 საგამოცდო ცენტრია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრთან ერთად, მაქსიმალური გავაკეთეთ ოთხივე საგამოცდო ცენტრში შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რომ კომფორტულ გარემოში მოუხდეთ ჩვენს აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება. ოთხივე საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული არის 4040 აბიტურიენტი. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო წარმატება მიზნისკენ სვლაში, – განაცხადა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
გაზეთი „აჭარა“ ყველა აბიტურიენტს მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას
ულოცავს. ეს არ არის უბრალო გამოცდა – ეს ნაბიჯია დიდი და საინტერესო გზისკენ, ოცნებებისა და მიზნებისკენ.
ნანა აბულაძე
გალერეა

