
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასი 26.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.34 პროცენტული პუნქტით აისახა.
„ფასები 26.3 პროცენტით მომატებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. ზეთი და ცხიმი 20.6 პროცენტითაა გაძვირებული; ყავა, ჩაი და კაკაო – 15.4 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 10.3 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები კი – 9.6 პროცენტით. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 8.7 პროცენტითაა გაძვირებული. თევზეულზე ფასებმა 7.9 პროცენტით მოიმატა. რძე, ყველი და კვერცხი 7.1 პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 3.6 პროცენტით, ხილი და ყურძენი კი – 2.7 პროცენტით.
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.79 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 10.4 პროცენტით გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების, 9.2 პროცენტით საავადმყოფოების მომსახურებისა და 8.4 პროცენტით სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფებზე;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (18.2 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.7 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.64 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-8.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.8 პროცენტი)“, – აცხადებენ საქსტატში.