19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
გამოვლინდნენ მსოფლიო თასის გამარჯვებულები კადეტთა შორის
By

გამოვლინდნენ მსოფლიო თასის გამარჯვებულები კადეტთა შორის

22 ივნისიდან 3 ივლისამდე ბათუმში ფიდეს მსოფლიო თასი გაიმართა ჭადრაკში 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელიც ტრადიციულია და ჩვენმა ქალაქმა მას მესამედ უმასპინძლა. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა მსოფლიოს 40 ქვეყნის 300-მა ბავშვმა მიიღო. ტურნირი 23 ივნისს სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“ გაიხსნა, გუშინ კი ოფიციალურად დაიხურა.

პრესტიჟული ღონისძიება საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის (ფიდეს), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, ბათუმის მერია, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

შეჯიბრებაში საქართველოდან, როგორც მასპინძელი ქვეყნიდან, სულ 68 სპორტსმენი ჩაერთო, მათ შორის, 13-აჭარიდან: მათე ბერიძე, ლაშა კახიძე, ანა აბულაძე, ნატა შაინიძე, მარიამ შავაძე, დანიელ სხვიტარიძე, მარიამ გოგუაძე, ბარბარე ინაიშვილი, რატი დიასამიძე, დემეტრე მახარაძე, ნინო ბოლქვაძე, ანასტასია მელაძე, ბელა მღვდლიშვილი.

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდნენ: ალიშა ბისალიევა, (ყაზახეთი), თაჰა ომერი (თურქეთი), ბიჯეშ დივი (ინდოეთი), სარბართო მანი (ინდოეთი), ბორდოლოი პრატიტე (ინდოეთი), აბდალრაჰმან სამეჰ მოჰამედი (ეგვიპტე),

30 ივნისს, ტურნირის დასვენების დღეს, მონაწილეებისთვის და ოფიციალური დელეგაციის მწვრთნელებისთვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ერთ-ერთი იყო მსოფლიო თასი კომპოზიციების ამოხსნაში 8-12- წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე, გაიმართა სპეციალური ბლიც ტურნირი – „ნესინის თასი 2025“- დელეგაციის ოფიციალური მწვრთნელებისა და 10 სპეციალურად მოწვეული მოთამაშისთვის (5 მოთამაშე ორგანიზატორის მიერ იყო ნომინირებული და 5 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ). გამარჯვებულები საერთაშორისო არბიტრმა გენადი ნესინმა დააჯილდოვა.

ამავე დღეს გამართულ მამაკაცთა ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, მსოფლიოს 11 ქვეყნის 31 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ღია კატეგორიაში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი 9-დან 7 ქულით ბათუმელმა ნოდარ ლორთქიფანიძემ დაისაკუთრა. პირველი ადგილი აქ დავით ჯოჯუამ მოიპოვა, მესამე – დავით მაღალაშვილმა.

ქალთა კატეგორიაც ბათუმელი გოგონების წარმატებით დასრულდა. პირველობა ორმა მონაწილემ გაიყო და დამატებითი მაჩვენებლებით – 9 -დან 5 ქულით საუკეთესო ბათუმელი კესარია მგელაძე გახდა, მესამე ადგილი ასევე ჩვენმა მარიამ ცეცხლაძემ დაიკავა, მეორე კი ინდოელმა ღატე სვატიმ.

დიდი ინტერესი გამოიწვია სპეციალურმა გათამაშებამ, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ დახურვის ცერემონიაზე ჩაატარა – სპეციალურ დოლურაში ყველა მონაწილის სახელი და გვარი და რიგითობის ნომერი იყო მითითებული. ფიდეს პეზიდენტმა არკადი დვორკოვიჩმა შემთხვევითობის პრინციპით ამოარჩია იღბლიანი მოჭადრაკე, რომელიც IPhone 16 Pro Max-ით დაჯილდოვდა.

გამარჯვებულთა მსოფლიო თასით დაჯილდოების ცერემონიას ფიდეს პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი, მსოფლიო თასის სააპელაციო კომისიის ხელძღვანელი ოზგურ სოლაკოგლუ, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია, სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

საზეიმო ცერემონია ანსამბლ „ზღვის შვილების“ მიერ შესრულებულმა საქართველოს ეროვნულმა ჰიმნმა გაალამაზა, ასევე ელენე ბოლქვაძისა და ანდრია ფუტკარაძის მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა.

5-დან 28 ივლისის ჩათვლით, ბათუმი ასევე მნიშვნელოვან ღონისძიებას – ქალთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს.

 

 მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივლისი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *