
ირაკლი ფავლენიშვილი: ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა და აღნიშნა, რომ ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს თავად ღალატობენ.
„პოლიტიკური ძალა როდესაც ბრძოლაში კი არ შედის, არამედ ბრძოლიდან გამოდის და სურს, მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის, საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და შესაბამის პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ ფაქტის კოსტანტაციაა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ ბრძოლას და პროტესტს გამოეთიშებიან.
ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით, ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებისკენ. მან წერილში აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და ამიტომ მათ ფოკუსი უნდა გაასწორონ.