
აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 33 ფაქტი გამოვლენდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 123 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 74 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 33 ფაქტი გამოვლენილია აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 22 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 20, კახეთში – 15, იმერეთში – 14, შიდა ქართლში – 10, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში – 7, თითო-თითო სამართალდარღვევა კი გამოვლენილია გურიასა და ქვემო ქართლში.
ჯამში ამოღებულია 129 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.