
„კვალი“ – ახალი ნოტები ბათუმის კულტურულ რუკაზე
წელს პირველად, ბათუმში, ხელოვნების ფესტივალი „კვალი“ გაიმართა, რომელიც აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ფესტივალის მიზანი საავტორო მუსიკის შემქმნელების, ასევე ახალგაზრდა მხატვრების მხარდაჭერაა. იგი მუსიკას, ვიზუალურ ხელოვნებასა და დაუვიწყარ გარემოს აერთიანებს.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა, დაიდგა სხვადასხვა პერფორმანსი, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით.
– შევეცადეთ შეგვექმნა მუსიკალური პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემდა ადგილობრივ არტისტებს, წარმოეჩინათ თავიანთი შემოქმედება და ის ინდივიდუალური ხელწერა, რაც საავტორო მუსიკას გააჩნია. ფესტივალი ორიენტირებულია მუსიკალურ ექსპერიმენტებზე, ინოვაციურ ჟღერადობებზე და საავტორო შემოქმედების ხელშეწყობაზე. აღნიშნული პროექტის უნიკალურობა გახლავთ ისიც, რომ თითოეულმა არტისტმა შეასრულა არა მხოლოდ უცხოენოვანი, არამედ ქართულ ენაზე შექმნილი სიმღერები, რაც ნიშნავს იმას, რომ ფესტივალი გარდა საავტორო მუსიკისა, ხელს უწყობს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას. ფესტივალზე გაჟღერდა ელექტრონული მუსიკა, რომელიც დატვირთული იყო ბათუმთან ასოცირებული ხმებითა და ჟღერადობით.
ფესტივალის მთავარი მიზანი საავტორო მუსიკის მასობრივად გარდაქმნა, ადგილობრივი მუსიკოსების, ბენდების მოტივირება, მხარდაჭერა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, რეგიონში კულტურული ცხოვრების უფრო მეტად გამრავალფეროვნება და აჭარის, როგორც კულტურული ჰაბის, კიდევ უფრო გამოკვეთა, ხელოვნებისა და მუსიკის საშუალებით სოციალური და კულტურული ინტეგრაციის გაძლიერება იყო.
სასიამოვნოა, რომ ფესტივალში აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტიორები, რამაც ღონისძიებას მრავალფეროვნება და ინტერაქტიულობა შესძინა. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალში ჩართულ თითოეულ ადამიანს. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. როგორც მაყურებელმა აღნიშნა, აუცილებელია ეს ფესტივალი გაგრძელდეს და მიეცეს ტრადიციული სახე. ეს მაძლევს მოტივაციას, რომ „კვალი“ გავაგრძელოთ და უფრო მასშტაბური სახე მივცეთ. ეს ფესტივალი ნამდვილად დატოვებს თავის კვალს და მომავალში კიდევ უფრო უკეთ წარსდგება საზოგადოების წინაშე, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ბათუმის კულტურული ცხოვრებაში, – გვითხრა ფესტივალის დამფუძნებელი კომპანია „ბათუმი ნექსუსის“ დირექტორმა, მუსიკოსმა ნიკო ბერიძემ.
ნანა აბულაძე
გალერეა


