19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ვოლოდიმირ ზელენსკი: ღამით რუსეთმა მასიური კომბინირებული შეტევა განახორციელა
By

ვოლოდიმირ ზელენსკი: ღამით რუსეთმა მასიური კომბინირებული შეტევა განახორციელა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 ივლისის ღამეს, რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა (68 წლის ადგილობრივი მცხოვრები და 22 წლის პოლიციის კაპრალი) და 16 დაშავდა.

ასევე, უკრაინის შინაგან საქმეთა უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის დედაქალაქის 8 რაიონში საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო, კომერციული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

„ექიმებმა 10 მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს დახმარება ადგილზე გაუწიეს“, – წერს ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამის“ არხზე.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 400-მდე დრონი და 18 რაკეტა გაუშვა.

„ღამით რუსეთმა მასიური კომბინირებული შეტევა განახორციელა, რომელიც თითქმის 10 საათს გაგრძელდა. მთავარი სამიზნე კიევი იყო. სამწუხაროდ, კიევში ორი ადამიანი დაიღუპა. მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს და ზეწოლა გაიზარდოს“.

„ეს რუსეთის მიერ ტერორის აშკარა ესკალაციას წარმოადგენს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან იარაღის წარმოებაში ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით უფრო სწრაფად მოქმედებაა საჭირო. დღეს პარტნიორებთან დრონების წარმოებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ ვისაუბრებ. რუსეთის მსგავს თავდასხმებს მკაცრი პასუხი უნდა მოჰყვეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

  • No Comments
  • ივლისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *