
აღმოსავლური ჩაი ბათუმში – მემკვიდრეობა, გემო და ტრადიცია
„ჩაი – აღმოსავლური კულტურა ზღვისპირა საქართველოში“, – ასე ერქვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომელიც ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა. ღონისძიებაზე მისულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ აღმოსავლური ჩაის კულტურის ისტორიას, ტრადიციებს და გემოვნურ მრავალფეროვნებას.
მოგეხსენებათ, ჩაი ერთ-ერთი უძველესი კულტურული მემკვიდრეობაა, რომლის ტრადიცია აღმოსავლეთიდან იღებს სათავეს და საუკუნეების განმავლობაში არაერთი ერის ყოველდღიური ცხოვრების, სოციალური ურთიერთობებისა და სარიტუალო პრაქტიკის ნაწილად იქცა. საქართველოში, განსაკუთრებით კი აჭარაში, ჩაი არა მხოლოდ პოპულარული სასმელი, არამედ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტია.
ღონისძიებაზე გამოიფინა ჩაის სერვიზები და სამოვრები, რომელმაც წარსულის ელეგანტურ ატმოსფეროში დააბრუნა დამთვალიერებელი. ჩატარდა პრეზენტაცია ჩაის ისტორიის შესახებ, იმაზე, თუ როგორ იქცა ჩაი კულტურულ ფენომენად საქართველოში. სტუმრებმა დააგემოვნეს სხვადასხვა ქვეყნის ჩაი, ასევე, ვიზიტიორებისთვის მოეწყო ფოტოსესია სპეციალურად მოწყობილ სივრცეში.
ღონისძიება მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციის ნაწილია და მიმართულია როგორც კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისაკენ, ისე, ვიზიტიორთა ჩართულობისა და გამოცდილების გამრავალფეროვნებისაკენ.