
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოსამართლე პირველად დაკითხავს მზია ამაღლობელს.
ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება 4 ევროპული ქვეყნის ელჩი, ასევე, ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) წარმომადგენლები, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად.
„აქამდე მზია ამაღლობელი სასამართლოზე არ დაკითხულა, დღეს უპასუხებს ყველა შეკითხვას 11-12 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა“, – განაცხადა ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დეპუტატ ნინო წილოსანის დაკითხვასთან დაკავშირებით. დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა პრემიერის დაკითხვის თაობაზე. ადვოკატები აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძემ არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია ამაღლობელთან დაკავშირებით.