
ბათუმი ჯაზის რიტმში – დაუვიწყარი სამდღიანი მუსიკალური მოგზაურობა
11-13 ივლისს ბათუმმა მეთვრამეტედ უმასპინძლა შავი ზღვის ჯაზფესტივალს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ზაფხულის ყველაზე ელეგანტური და გემოვნებიანი მოვლენების ეპიცენტრია. კორტები სამი დღის განმავლობაში გადაიქცა ადგილად, სადაც სხვადასხვა ჟანრი -ჯაზი, ფანკი, სოული და დისკო შეხვდა ერთმანეთს, ხოლო სცენა ემოციებისა და იმპროვიზაციის თეატრად იქცა.
11ივლისს, ღია ცის ქვეშ, ჯაზის პირველმა ნოტებმა გაიჟღერა,
ზღვისპირა ჰაერი საოცარი მუსიკით გაიჟღინთა და ცხადი გახდა, რომ წინ ჯადოსნური სამდღიანი თავგადასავალი გველოდა.
ჯაზფესტივალის გახსნის პატივი R&B-სა და სოულის ამერიკელ ავტორ-შემსრულებელ ლედისის ერგო. ვოკალისტი, რომელსაც The New York Times-ი „სუნთქვისშემკვრელი დიაპაზონის მქონე მომღერალს“ უწოდებს, ბათუმის სცენაზე პირველად გამოჩნდა. ის თოთხმეტჯერ იყო წარდგენილი „გრემის“ ნომინაციაზე და 2021 წელს მოიპოვა აღნიშნული ჯილდო სიმღერისთვის Anything for You. მისი ხმა, ვოკალური იმპროვიზაციები და ღრმა ემოციური შრეები ბათუმელებს და ფესტივალის სტუმრებს არასდროს დაავიწყდებათ. „ლედისის სიმღერები ისე შემოვიდა ჩემში, როგორც სულიერი ენერგია. მისი თითოეული ნოტი თითქოს ჰაერში გაფანტულ მუხტად იქცა. ეს იყო კონცერტი, რომელიც ყვებოდა ამერიკულ სოულზე და ამავდროულად – ჩემზე, შენზე, ჩვენზე… ადამიანობაზე. როცა Anything for You იმღერა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მთელი დარბაზი ერთ სულად იქცა. ვუყურებდი მსმენელს, რომელიც ცრემლებს არ მალავდა, არავის რცხვენოდა იმ ემოციების, რასაც ეს ხმა მასში იწვევდა. ლედისი არამხოლოდ საოცარი ვოკალისტია, ის სცენაზე დგას როგორც ქალი, რომელსაც თავისი სიმართლე აქვს, თავისი წარსული და თავისი ხმა, რომლის წართმევა არავის შეუძლია. ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე მუსიკა. ეს იყო სასიამოვნოდ მძიმე გულწრფელობა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ახლა უკვე ჩემი ნაწილია. მგონია, რომ ყველამ, ვინც იქ ვიყავით, ლედისისგან რაღაც ისეთი წამოვიღეთ, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. სწორედ ესაა ნამდვილი ხელოვნება“, – გვითხრა ფესტივალის სტუმარმა მარიკა წერეთელმა.
12 ივლისი, ფესტივალის მეორე დღე, ცეცხლოვან ფანკს და ბასის დომინანტურ რიტმებს დაეთმო. საღამო შვეიცარიული ბენდის The Next Movement-ის ენერგიული გამოსვლით გაიხსნა. ჯგუფმა ფანკისა და სოულის დინამიკა მთელი სისუფთავით მოიტანა მსმენელამდე და შეძლო, ბოლომდე შეგვეგრძნო მათი შემოქმედების არაჩვეულებრივობა. საღამოს მეორე ნაწილში მელომანების წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ბასისტი ვინსენ გარსია წარსდგა. მუსიკოსის ელეგანტური ტექნიკა, უნიკალური ჟღერადობა და შესრულების სტილი, შეიძლება ითქვას, რომ ახალ თაობას ჯაზისადმი სიყვარულს უღვივებს. დღესდღეობით გარსია თანამედროვე ჯაზისა და ფანკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ ბასისტადაა აღიარებული. მუსიკალურ სამყაროში მას უკვე New Bass Icon-ი უწოდეს და ბათუმის სცენაზე სწორედ იმ ძალითა და კლასით წარსდგა, რომელიც ამ სტატუსს ამართლებს.
ფესტივალის დასკვნითი საღამო ლეგენდარული ჯგუფის Sister Sledge გამოსვლით დასრულდა. დისკოს ეპოქის სიმბოლოდ ქცეული კვარტეტი ბათუმს პროექტ Sledgendary-ს ფარგლებში ეწვია და კონცერტი ნამდვილ მუსიკალურ ზეიმად აქცია. ჯგუფმა „We Are Family“ და „He’s the Greatest Dancer“-ი მაყურებელთან ერთად ისეთი ემოციითა და სითბოთი შეასრულა, რომ სცენა და დარბაზი ერთ დიდ ოჯახად იქცა.
– ჯაზფესტივალი წელსაც გემოვნებით დაგეგმილ მუსიკალურ პროგრამას, დახვეწილ ხმოვან პალიტრასა და გამორჩეულ ინტერნაციონალურ არტისტებს აერთიანებდა. შავი ზღვის ჯაზფესტივალი არა მხოლოდ მუსიკალური მოვლენა, არამედ კულტურული ტრადიციაა, რომელსაც ყოველ ზაფხულს ბათუმი განსაკუთრებული სტილით აგრძელებს. მადლობა ამ დღესასწაულისთვის ორგანიზატორებს, თითოეულ ადამიანს, ვინც წლებია, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანით ანებივრებს მელომანებს, ზრდის გემოვნებიან მსმენელს. სამი საღამო, ოთხი განსხვავებული ჟანრი, ოთხი მსოფლიო ვარსკვლავი და ბათუმის ზღვისპირა ქალაქი, რომელიც მუსიკის ენაზე ალაპარაკდა, მეტი რა უნდა ინატრო მელომანმა? წლიდან წლამდე ველოდები ჯაზფესტივალს და ასე მგონია, თუ გამოვტოვებ, დავკარგავ სიამოვნების უდიდეს ულუფას, რომლითაც რამდენიმე თვე უნდა ვისაზრდოო, – გვითხრა დავით ანდღულაძემ.
შავი ზღვის მეთვრამეტე ჯაზფესტივალის მონაწილე მუსიკოსებმა მადლობა გადაუხადეს მსმენელს და აღნიშნეს, რომ მღეროდნენ აუდიტორიისთვის, რომელიც მთელი გულით გრძნობდა მუსიკას.
„ბათუმში ეს ჩემი პირველი სტუმრობაა და მიხარია, რომ ყველაფერმა ძალიან ლამაზად ჩაიარა. ძალიან კარგი აუდიტორია დაგვხვდა, რომელმაც ენერგიით აგვავსო. ასეთი სითბო და სიყვარული იშვიათია და მადლობა ამისთვის არაჩვეულებრივ ზღვისპირა ქალაქს, თავისუფალ ადამიანებს, რომლებმაც ყურადღებითა და პატივისცემით მიიღეს ყოველი აკორდი, ყოველი იმპროვიზაცია“, – აღნიშნა
ბასისტმა ვინსენ გარსიამ.
შავი ზღვის ჯაზფესტივალის დამაარსებელმა კახა კანდელაკმა მადლობა გადაუხადა ფესტივალზე მისულ თითოეულ სტუმარს, ვარსკვლავებს და მელომანებს, დაჰპირდა, რომ მომავალშიც არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ეწვევა ბათუმს, რომელსაც ასე უხდება ფესტივალები.
„ სამივე საღამო ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ თანაბრად მაღალი დონის იყო. ეს იყო ერთგვარი მუსიკალური სურნელი, რომელიც მთელ ქალაქს მოედო. ჯაზფესტივალი ბათუმისთვის უკვე მხოლოდ კულტურული მოვლენა არ არის, ეს არის პლატფორმა, რომელიც აძლიერებს ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციას, ამტკიცებს მის კულტურულ ღირებულებასა და ქმნის მომავლის მეხსიერებას. ამავდროულად, ფესტივალს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვაც აქვს. ეს არის ტურისტების მატება, ადგილობრივი ბიზნესების გააქტიურება, დასაქმება, მეწარმეებისთვის დამატებითი შესაძლებლობები. ჯაზი თავისუფლების ენაა, ბათუმს კი ეს თავისუფლება უხდება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ თავისუფლებას მაყურებელთან ერთად ვქმნით“, – აღნიშნა კახა კანდელაკმა.
კიდევ ერთი ჯაზფესტივალი ჩაიწერა ქალაქის მელოდიურ მეხსიერებაში და ერთი წლით დაგვემშვიდობა დაპირებით, რომ ისევ დაბრუნდება, დაბრუნდება ახალი ენერგიით, ახალი სახელებითა და ძველი სიყვარულით.
ნანა აბულაძე