19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
სოსო მანჯავიძე: დასავლეთს სურს, საქართველო არ იყოს აქტორი, არ ცნობენ საკუთარი ინტერესების დაცვის ჩვენს უფლებას
By

სოსო მანჯავიძე: დასავლეთს სურს, საქართველო არ იყოს აქტორი, არ ცნობენ საკუთარი ინტერესების დაცვის ჩვენს უფლებას

 

დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მთავრობა ცდილობს, თავი აარიდოს დასავლეთის შენიშვნებს და მოწოდებებს, აცხადებს, რომ ეს რადიკალური ოპოზიციის დაკვეთაა და სხვა არაფერი, ხოლო ოპოზიცია კიდევ ერთ კოზირს იჭერს ხელისუფლების წინააღმდეგ და ქმნის აჟიტირებულ პოლიტიკურ ველს წინასაარჩევნოდ. ამ თემაზე გთავაზობთ სოსო მანჯავიძის ინტერვიუს, სადაც პოლიტოლოგი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს საქართველოს დიდებულ წარსულს და ცდილობს, მიიტანოს მოქალაქეებამდე მარტივი აზრი – არც ერთ ქვეყანას არ აქვს ჩვენი დატუქსვის და დაშინების უფლება. მას მიაჩნია, რომ ქართველებს საკმაოზე მეტი გამოცდილება გვაქვს როგორც დიპლომატიური ურთიერთობების წარმოების, ისე სახელმწიფოს მართვის.

– ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ 17 ევროპული სახელმწიფოს ერთდროულ თავდასხმას „ოცნებაზე“?

-კი, „თავდასხმა“ ზუსტი სიტყვაა იმის გამოსახატად, რაც ხდება და გადმოსცემს ამ განცხადების ავტორების ერთობლივ ქმედებას. აქვე ვიტყვი, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული ყველა ბრალდება არის ტყუილი. გეგონება, ვიღაცამ გადაარჩია ტექსტი, სიმართლე რომ არ გაპარვოდა.

თავიდანვე გასაგები იყო, იტყოდნენ, არჩევნები გაყალბდაო. არადა, ეუთოს მისიამაც კი, გარდა მორიგე სიტყვებისა, ნებისმიერი ქვეყნის არჩევნების შესახებ რომ ამბობს, ვერაფერი თქვა ჩვენზე, რადგან მათ მიერ მოთხოვნილი კენჭისყრის ყველა პროცედურა დაცული იყო.

– ამის მიუხედავად, დღემდე გრძელდება არჩევნების გაყალბების შესახებ საუბრები. . . ოპოზიციის ბოიკოტიც ხომ ამას უკავშირდება. . .

– მართლაც გასაოცარი რამ ხდება ჩვენს თავს, საზოგადოების ერთ ჰიპნობილურ ნაწილს ეუბნებიან და ისიც იჯერებს სრულ სიგიჟეებს: თითქოს არჩევნებში მონაწილეობდა 400 ათასი ქალი, რომლებსაც პირადობის მოწმობები ძალით წაართვეს და რომ ამ 400 ათასიდან ვერც ერთმა ხმა ვერ ამოიღო, იმდენად დიდი და მძლავრია რეპრესიული მანქანა. . . რომ კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ვერც ერთი ოქმი ვერ შეადგინეს, რომ მელანი ჟონავდა და დათვლებში იყო შეცდომები (თუმცა ამ დათვლა-შეჯამებას მერვეკლასელიც კი შეძლებს) და ა.შ. ხელოვნური ინტელექტის მიერ სტატისტიკის აღრიცხვის ეპოქაში, აი, ასეთ ბოდვებს აჟღერებენ და რაც მთავარი და ყველაზე შემაძრწუნებელია, მათი მიმდევრები – იჯერებენ.

– მოსახლეობის ნაწილი რომ იჯერებს, გასაგებია, მაგრამ ევროპარლამენტის წარმომადგენლობას ხომ შეუძლია სიმართლის გარკვევა?

– ტრაგედია ისაა, რომ ევროპის სრულიად იდეოლოგიზებული უზარმაზარი ინსტიტუციები იმდენად გათავხედებული არიან საკუთარი დაუსჯელობით, არაფერი სხვა არ აინტერესებთ, სიმართლის ელემენტებიც კი (არადა სიმართლის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ იყო რთული გადამოწმება). ევროპა იმეორებს საკუთარი მსტოვრების მიერ ჩაწოდებულ ამ ბოდვებს, ეუთოს დასკვნის მიუხედავად. . . ანუ ითქვა, რომ გაყალბდა არჩევნები, გამოდის, ხალხის მასობრივი გამოსვლები და შტურმი პარლამენტზე უკვე ლეგიტიმურია. აბა, რა ეგონათ, ხალხს რომ წაართვეს არჩევანის ნება. . . ამით ამართლებენ იმ განუკითხაობას, რაც ვიხილეთ პარლამენტის წინ: პოლიციელებზე ჯოხებით და ქვებით თავდასხმა, მათი აფეთქება, ცეცხლწაკიდებული მოლოტოვის კოქტეილების, ფეიერვერკების სროლა, შტურმი პარლამენტზე და პარლამენტარებზე. . . შესაბამისად, ისინი, ვინც დაიჭირეს ამ „მართალ საქმეზე“ და გაასამართლეს „სამართლიანი პროტესტისთვის“, „საკუთარი უფლებების დაცვისთვის“ და აჯანყებებისთვის – არიან სინდისის ანუ პოლიტპატიმრები. გამოდის, რაც არ უნდა გააკეთოს ამ ხალხმა, ჩვენ არ უნდა გავიკვირვოთ, უნდა მოვიწონოთ და პროტესტიც არ გამოვხატოთ იმ ბარბაროსობაზე, რასაც სჩადიოდნენ სამართალდამცველების წინააღმდეგ.

სააკაშვილის „საქმენი საგმირონი“ რომ ჩამოვთვალოთ, არ გვეყოფა თქვენი ფორმატი. გაიხსენეთ მიშას ქმედებები, კაცი ხელაღებით დაერია ყველას და ყველაფერს. არ მიუკლია: ომი, პატიმრების წამება, ბიზნესის თუ ხალხის ტერორი, რომელი ერთი ჩამოვთვალო იმ ათასი უბედურებიდან, საქართველოს რომ დააწია. . . და ამ კაცს ევროპა საკუთარ წარმომადგენლად რომ გამოგიცხადებს და გეტყვის, ციხიდან გამოუშვიო, სხვაზე რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?

გამოდის, რასაც გეტყვის ევროპარლამენტი, ის უნდა დავიჯეროთ, რადგან სიმართლეს კი არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რას იტყვის ევროპის ეს ნეოლიბერალიზმით გამოთაყვანებული და გამოელბეგეტებული კომისრები. . . ეს უნდა დავიჯეროთ, დავდგეთ ცალ ფეხზე და აღვასრულოთ მათი უაზრო მითითებები.

– ანუ თქვენ თვლით, რომ „ქათული ოცნება“ ამ ბრალდებებს არ იმსახურებს?

– იცით რა, არც ერთი მთავრობა არ არის უცოდველი. მეტსაც ვიტყვი, მე ყოველთვის ვადარებ სახელმწიფო მმართველობის სისტემებს, რომელშიც ვხოვრობთ – ზონებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. აქ არიან ხულიგნები, წვრილი ქურდები, მექრთამეები, სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებული დამნაშავეები, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაა. მაგალითად, მექრთამე ან წვრილი თაღლითი ხომ ვერ შეედრება სადისტ მკვლელს… ციხეებში სხედან შმაგი პატიმრებიც, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული სადისტური მიდრეკილებებით, ისინი სხვა რეჟიმში იხდიან სასჯელს, ჩაკეტილი არიან. მაგალითად, როგორც სააკაშვილია…

– ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თუ გადავხედავთ, შალვა ნათელაშვილს რა როლი ენიჭება?

– შალვა არის ქრონიკული თაღლითი, ისევე როგორც მთელი ის პოლიტიკური კლასი, რომელიც საქართველოში შეიქმნა სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან. მათ შორის, ძირითადად, არიან ღრმად კორუმპირებული, გადაბირებული, გადმობირებული და ა.შ. პიროვნებები. დროთა განმავლობაში სხვადასხვა როლის თამაშმა გამოიწვია მათი მორალური გახრწნა. . . თუმცა, სიმართლე გითხრათ, არც თავიდან იყვნენ გამჭვირვალე, რადგან სწორედ ზემოთ ხსენებული ნიშნით შეარჩიეს, იხ. მათი ბიოგრაფიები. . . და რაც ყველაზე საგანგაშოა, ამ ხალხს არ გააჩნია სინდისის ქენჯნის არანაირი განცდა. ამის ნათელი მაგალითია გუბაზ სანიკიძე, ადრე სააკაშვილს ჯალალედინს რომ ადარებდა, ახლა კი – დავით აღმაშენებელი და ალექსანდრე მაკედონელიაო, იძახის. . . თავისი ბავშვი გაიმეტა ამ ორომტრიალში გადასაგდებად.

ჯერ კიდევ მაშინ, სააკაშვილის დროს ვამბობდი, რომ მისი ოპოზიცია არის რეჟიმის გარე კედელი, გოდოლი, რომელსაც ჰქონდა მოპოვებული ლიცენზია სააკაშვილის საპროტესტო მუხტის გაცხრილვა-დამუშავება-რეალიზაციისთვის (ისევე, როგორც ხდება ნებართვის გაცემა ინერტული მასალის მოპოვებაზე). ჩვეულებრივ აუქციონს მართავდნენ და ვინც მოირგებდა ოპოზიციონერის როლს, ლიცენზიას აძლევდნენ შესაბამისი ანაზღაურებით.

– რატომ მონაწილეობენ ადგილობრივ არჩევნებში მხოლოდ „ლელო“ და გახარიას პარტია, ხოლო სხვები ბოიკოტს აცხადებენ ევროპის მოწოდების მიუხედავად?

– „ლელოს“ ლიდერი ხაზარაძე ბანკირია, ბიზნესმენია, პრაგმატულად აზროვნებს, ითვლის მოგება-წაგებას და კარგად ხვდება, რომ არჩევნების ბოიკიტირება ნიშნავს მის პოლიტიკურ სიკვდილს. არც ის არის გამორიცხული, რომ რაღაცებზე მოილაპარკეს „შიგნით“: ჩვენ ასე წავალთ, თქვენ ისე წადით და დავამხოთ ეს ხელისუფლებაო. . .

– გულისხმობთ კოლექტიურ დასავლეთს. . . მაინც რა არის ძირითადი ამოცანა, ხელისუფლების დამხობა?

– რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამხობა და მათი იდეების გამტარებელი ადამიანებისთვის ხელისუფლების სადავეების გადაცემა, აქ იმ ხალხს ვგულისხმობ, დიფ სთეითის გეოპოლიტიკურ და ევროპოლიტიკურ დავალებებს რომ ასრულებენ, მაგრამ არ გამოსდით. ჩვენ ვხედავთ, ვიცით, რაც ხდება რეგიონში. . . ის როლი, საქართველოს რომ უნდა შეესრულებინა, ახლა ცდილობენ აჰკიდონ აზერბაიჯანს.

დასავლეთის მიზანია სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რეალიზაცია, აქედან რუსეთის მოკვეთა და გაძევებაც ამ ბრძოლის ნაწილია. ეს პროცესი ისეც და ასეც მიმდინარეობს, მთავარია, ჩვენ არ შევეწიროთ დაპირისპირებას, რომელიც დასავლეთს, თურქეთს და რუსეთს შორისაა. რთულია გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების განხორციელება ჩენი ტერიტორიების შემოვლით, არადა საქართველო არ ემონება მათ განწყობებს და შესაბამისად, აქ არსებული ხელისუფლება არ აწყობთ, ამიტომ ცდილობენ მის ჩამოგდებას, რა არის აქ ძნელი გასაგები?!

– რაც შეეხება გახარიას, რამდენად აქვს ამ არჩევნებში კარგი მაჩვენებლების დადების შანსი და რატომ გაემგზავრა საზღვარგარეთ, ემალება მართლმსაჯულებას თუ? . .

– საქართველოში ყველას ჰყავს საკუთარი სექტები. ჩვენ გვაქვს სექტანტურ-იზოლაციონისტური განწყობა ცხოვრების მიმართ. მაგალითად, ვინმემ ხანგრძლივად რომ იყვიროს: ვაი, ვიღუპებით – მის გარშემო აუცილებლად გაერთიანდება ვაი-ვიშისტთა სერიოზული რაოდენობა და გადამწყვეტი ზომების მიღებას მოითხოვენ. ჩვენს რეალობაში, პერიოდულად, საჰაერო ბუშტებივით ამოდიან ასეთი ადამიანები. . .

გახარიას რაც შეეხება, ის პრაგმატულად აზროვნებს, მიმდევრები ჰყავს და აქვს იმედი, რომ მოიზიდავს „ოცნებაზე“ განაწყენებულ ადამიანებს. რაღაც პოლიტიკურ შედეგს აშკარად დადებს, რაც მისთვის ფარიც იქნება. გარდა ამისა, მას პირდაპირ ეუბნებიან რა უნდა გააკეთოს, აბა, ტყუილად ზის გერმანიაში? ისიც ფაქტია, რომ გახარიას დაპატიმრების ეშინია, რისი საფუძველიც აშკარად აქვს. შესაბამისად, მისი ამბავი არ უნდა გაგვიკვირდეს, ალბათ მოხვდება დევნილის პოზიციაში და მიიღებს თავშესაფარს. . .

– ამბობენ, რომ რუსეთი მართავს „ქართულ ოცნებას“, რომლის ნაცვლად კრემლის ჩინოვნიკები წერენ და აქვეყნებენ პასუხებს ევროკავშირის რეზოლუციებზე. . .

– ეს უკვე ჩვეულებრივი დეზინფორმაციის კამპანიაა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაცია-დემონიზაციას ანუ სადაზვერვო პროპაგანდაა, რომელსაც სამწუხაროდ, იმეორებენ ეს თუთიყუშები (იმათ გარდა, ვინც ერკვევა რაც არის ეს პროპაგანდა). მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა მოჰყვება იმ სურვილების შესრულებას, რომელსაც უკვეთავენ. . .

– იქნებ, არ სურთ გაგება?

– არა, უბრალოდ, ვერ ახდენენ სიტუაციის მოდელირებას, ასე ღრმად ვერ მიჰყვებიან მოვლენებს, ვერ აზროვნებენ, ამდენი ჭკუა არ აქვთ, არიან თავიანთ ვნებებსა და ემოციებში, უნდათ, რომ საკუთარი ბოღმების რეალიზაცია მოახდინონ, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ამ პროპაგანდის მიერაა ჩანერგილი. . . სხვათა შორის, ბევრთან მაქვს ურთიერთობა და როდესაც ვეკითხები, შენ რა გაწუხებს, რას ხედავ-მეთქი, იმეორებენ „ტვ პირველის“ და „მთავარის“ სქემებს, ხოლო როდესაც გადაფხიკავ მათ აღგზნებულ ფსიქიკას, მოაცილებ ამ შხამიან ნიადაგს, ეხსნებათ ტვინი, ხვდებიან, რომ ეს არ შეიძლება და ამბობენ: „რა თქმა უნდა, ოჯახები გვყავს, ახლობლები“.

– არიან ისეთებიც, ომის აუცილებლობას რომ ქადაგებენ. . .

– ეს იდიოტები ფიქრობენ, რომ მათ არ შეეხებათ ომი. . . ეს ისეთი ტიპის იდიოტები არიან, რომ რეაქცია არ აქვთ არც უკრაინის, არც ირანის სისხლიან პროცესებზე. . . მაგალთად, ირმა სოხაძემ თქვა: რა ომი, რის ომი, განა არის ახლა სადმე ომი(!?) წარმოგიდგენიათ, ასეთი ადამიანი საკუთარ მენტალურ ვაკუუმში რომ ცხოვრობს?

– როგორ შეაფასებთ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეირანში სამძიმრის მიზნით ვიზიტს, რამაც ძალიან გააღიზინა ისრაელის და კოლექტიური დასავლეთის ოფიციოზი?

– დასავლეთს სურს, საქართველო არ იყოს აქტორი, არ ცნობენ საკუთარი ინტერესების დაცვის ჩვენს უფლებას. რა გააკეთა საქართველომ? გაუშვა წარმომადგენელი რეგიონში ახლოს მყოფ ქვეყანაში (ცნობისათვის: 92 მილიონი ადამიანი ცხოვრობს) და. . . მიუსამძიმრა, სწორადაც მოიქცა, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით. აქვე არც ის დაგავიწყდეთ, ირანი დაესხა თავს ისრაელს, თუ როგორ არის საქმე?!. . . საქართველოს იქ პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია და არც პოზიცია დაუფიქსირებია, თვლიან, რომ დაღუპულთათვის პატივის მიგება დანაშაულია? ჩვენ ასევე ისრაელს მივუსამძიმრეთ, იქ მართლაც ცუდი მდგომარეობაა. მე დიდ პატივს ვცემ ებრაელებს, მაგრამ აშკარაა, რომ იმყოფებიან იდეოლოგიური წნეხის ქვეშ, რასაც ქვია სიონიზმი, მაგრამ ისრაელში მხოლოდ სიონისტები ხომ არ არიან, მათ სხვადასხვა განშტოებები აქვთ, აქ მხოლოდ ეთნიკურობაზე არ არის ლაპარაკი. მიმაჩნია, რომ რაც მათ თავს ხდება, დამღუპველია ისრაელისთვისაც.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ საქართველო საკუთარი მშვიდობისთვის ზრუნავს და არა მგონია, იმათ, ვინც აღშფოთდა, რაიმე ტიპის წინადადება ჰქონდეთ ჩვენი უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. . . ამაში ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. იქნებ რაიმე სქემა აქვთ და გვიმალავენ. . . თუ მტრობის მიზეზებს ეძებენ – ესეც გვითხრან. . . თანაც მაღიზიანებს მათი პედაგოგიური და ქედმაღლური ტონი. ვინც საქართველოს ჭკუას ასწავლის, მათ შორის ის ქართველები, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ რომ არიან დაქოქილები, ვთხოვ გონებას მოუხმოს და გაიხსენოს, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ, გადახედონ ისტორიას, კულტურას, არქიტექტურას და ა.შ. არავისთან არ გვაქვს საბოდიშო. ყველა უვიცი და გაუნათლებელი საქართველოს ნუ ამუნათებს, ნუ გაუტლეკიათ ენა. . .

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • ივლისი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *