
ქართველი პოლიტიკოსების პასუხი – კაია კალასს
თბილისის მერი კახა კალაძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას და კიდევ ორი მოსამართლის დასანქცირების რეკომენდაციას ეხება.
„ამდენი ტყუილი და სიცრუე წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი არის იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა. საქართველო არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს – არ შეუერთდა სანქციებს, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა არ მივეცით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისინი დამარცხდნენ, ამიტომ ყველაფერ უკადრებელს კადრულობენ და ვისმენთ ამ განცხადებების სახით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით „როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესებს, აქ კომპრომისი წარმოუდგენელია“.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა დიალოგისთვის მზად არის, თუმცა საუბარი არ უნდა იყოს „ხელის გადაგრეხვით“.
„უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ თემაზე კითხვები არ გაჩნდეს. რაც შეეხება წერილს, რომელიც კაია კალასმა ახსენა, აქაც ახალი არაფერია, სავარაუდოდ, საუბარია ევროკომისიის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ დასკვნაზე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს ეხებოდა. მაშინ იქ რამდენიმე საკითხი იყო აღნიშნული, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა. ეს იყო გამჭვირვალობის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების გაუქმება, ასევე ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული საკითხები, წერილში, სავარაუდოდ, ყურადღება ამ საკითხებზე იქნება გამახვილებული. წერილი მოვა, ვნახავთ, შევისწავლით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გაუგზავნიან წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და გარკვეული პირობების კონკრეტულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ მოუწევთ უვიზო რეჟიმის შეჩერება.